26 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
სოლიდარობის აქციაზე დაანონსებული აქციები - სამხედრო ექსპერტის, აკია ბარბაქაძის განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემა ხდება

სამხედრო ექსპერტის, აკია ბარბაქაძის განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემა ხდება. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი აკია ბარბაქაძის დაანონსებულ პერმანენტულ აქციებს არ უერთდება და არც იმ საბჭოში შესვლას გეგმავს, რომელმაც სამხედრო-ექსპერტის აზრით, ოპოზიცია უნდა გააერთიანოს. ვაშაძემ, რომელიც გუშინდელი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ისიც კი არ იცის, რატომ გააჟღერა ბარბაქაძემ ეს გეგმა. 

საინიციატივო ჯგუფში განსხვავებული პოზიციების მიზეზი, სწორედ ეს ფრაზა გახდა. როგორც ჩანს, აკია ბარბაქაძემ განცხადება ინდივიდუალურად გააკეთა და ის წინასწარ ორგანიზატორებთან არ შეათანხმა. სამხედრო ექსპერტი პერმანენტულ პროტესტთან ერთად, ანტიკოლაბორაციონისტული საბჭოს შექმნასაც აანონსებდა, რომელშიც მისი თქმით, ყველა ის პარტია გაერთიანდებოდა, რომელიც გუშინ, უკრაინის მხარდასაჭერ აქციას ესწრებოდა, თუმცა როგორც ირკვევა პროტესტის მონაწილეები აკია ბარბაქაძის იდეას არ იზიარებენ.

სოლიდარობის აქციაზე გაჟღერდა პოლიტიკური გზავნილებიც არა მხოლოდ აკია ბარბაქაძის მხრიდან, რაც ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც გუშინ პროტესტს არ შეუერთდა, არ უკვირს. ხელისუფლების ოპონენტების ეს ნაწილი არც პერმანენტული პროტესტის იდეას იზიარებს და არც ის ესმის, რატომ იღებს მხარდასაჭერი აქციები ყოველთვის, პოლიტიკური აქციის ფორმას.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ გულწრფელ პროტესტს ოპოზიცია ყოველთვის პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა ისიც, რომ ოპოზიციის გეგმებს - იქნება პერმანენტული აქციები თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 1 წლის თავზე, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე გუშინ გაიმართა. მას პოლიტიკოსები, სტუდენტები, საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. სამომავლო პროტესტის იდეაც სწორედ გუშინდელ შეკრებაზე გაჟღერდა.

 

დღის ამბები