26 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ პარლამენტში კანონის ორი ალტერნატიული პროექტი განიხილება - საკომიტეტო განხილვების დაწყებამდე პოზიციები ისევ ვერ ჯერდება

საკომიტეტო განხილვების დაწყებამდე "ხალხის ძალის" ინიციატივაზე პოზიციები ისევ ვერ ჯერდება. ოპოზიციამ პირველი ინიციატივა დაიწუნა, რიგში მეორეა - ამერიკაში მოქმედი კანონის ანალოგი. ჯერ ბიუროზე არ გასულა, თუმცა პროექტს ოპოზიციამ წითელი შუქი უკვე აუნთო. მაგალითად ხატია დეკანოიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა და ამერიკული კანონის ანალოგიც, რუსულად მოიხსენია. ინიციატორები კოლეგებს ურჩევენ, პოლიტიკური განცხადებების გარდა, არგუმენტები საქმიან რეჟიმში წარმოადგინონ და კანონპროექტები წაიკითხონ.

"ხალხის ძალის" ინიციატივასთან დაკავშირებით, განცხადება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმაც გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ კანონპროექტი შეშფოთებას იწვევს და მისი მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან, კერძოდ, 12 რეკომენდაციის ორ პუნქტთან. საუბარია მედიის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე.

კანონპროექტის ინიციატორები ყურადღებას ევროპარლამენტში, ევროპის სახალხო პარტიის ინიციატივით დაწყებულ დისკუსიაზე ამახვილებენ. ამბობენ, რომ საქართველოში მსგავსი კანონის მიღების მიზნობრიობა საპარლამენტო განხილვების დროს, არგუმენტებით გამოჩნდება. "ხალხის ძალის" წარმომადგენელთა განმარტებით, დაინტერესებული პირები შეფასებამდე პროექტებს უნდა გაეცნონ - ამერიკულ ანალოგსაც და მის მოდიფიცირებულ ქართულ ვარიანტსაც.

არც მკაცრი კანონი და არც ლიბერალური ვარიანტი - ოპოზიციისთვის ზოგადად იდეაა მიუღებელი. მათი უმრავლესობის ოპონენტები ამერიკულ კანონს რუსულს უწოდებენ. ამბობენ, რომ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისთვის ფინანსური დეკლარირების და რეესტრში დარეგისტრირების ვალდებულება ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის პროცესს. მათთვის დამატებითი არგუმენტია საერთაშორისო გამოხმაურებები. 

ოპოზიციის კრიტიკას უკავშირებს ევროკომისრის წარმომადგენლობის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის თქმით, საკითხთან დაკავშირებით მას პარტნიორებთან და დიპლომატებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ პარლამენტში კანონის ორი ალტერნატიული პროექტი განიხილება, რომელიც ერთმანეთისგან მნიშვნელოვად განსხვავდება. პირველი ვერსიის მიხედვით, სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია ევალებათ იურიდიულ პირებს, რომელთა შემოსავლის 20% და მეტი უცხოეთიდან ფინანსდება. მათ ფინანსური ანგარიშგება წელიწადში ერთხელ მოუწევთ. რეგისტრაციისგან თავის არიდება კი ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს. ამერიკული მოდელი რეგისტრაციას ავალდებულებს ფიზიკურ პირებსაც. უარის შემთხვევაში განსაზღვრულია სისხლის სამართლებრივი დევნა და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთაც.

დღის ამბები