26 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
ომის 366-ე დღის ათვლა უკრაინის მთელს ტერიტორიაზე განგაშის სიგნალით დაიწყო - მებრძოლი ქვეყნის მთავარ ქალაქში მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობენ

რუსეთის აგრესია და ოკუპანტის პოლიტიკა - ის, რაც საქართველომ ჯერ კიდევ საუკუნის წინ გამოსცადა დღესაც აქტუალურია. 2023 წელს სამიზნე უკრაინაა. ერთი გავიდა, მეორე წლის ათვლა დაიწყო. და დღესაც, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქები ისევ საჰაერო განგაშის ხმამ გამოაღვიძა. ფრონტის მთავარი ხაზი ახლა ქალაქი ბახმუტია, მეორე წითელი ზონა კი ქალაქი კუპიანსკი.

ევროპის სიმშვიდე 366 დღის წინ დაირღვა. ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრის მიზნები არ შეუცვლია, თუმცა ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება. კიევი ბოლო სამი დღის განმავლობაში სარაკეტო დარტყმის მოლოდინში იყო, ამ დროის განმავლობაში დღეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საჰაერო განგაშის სიგნალი ამუშავდა.

უკრაინა თავდასხმის მოლოდინშია ბელარუსის მხრიდან, თუმცა გამოცხადებული ომის ქრონიკაში ომში მყოფი ქვეყანა დროის ათვლას ახლა თავად იწყებს და გამარჯვებას აანონსებს. უკრაინას ზურგს ცივილიზებული სამყარო უმაგრებს.

კიევს აღარ ეშინია - ხმაც ნაცნობია და სიტუაციაც. ომის 366-ე დღის და გმირობის მეორე წლის ათვლა, მთელი ქვეყნის მასშტაბით - განგაშის სიგნალით დაიწყო. მიუხედავად ამისა, დედაქალაქს არ ჰქონია განცდა, რომ სამხედრო აეროდრომიდან, რუსული ავიაგამანადგურებლები მათ ქალაქში მოფრინდებოდნენ. მებრძოლი ქვეყნის მთავარ ქალაქში მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობენ.

ოპტიმისტურ განცდას კიეველებს იმედის გარდა, ფაქტებიც უმყარებთ. წარმოუდგენელი აღარაფერია. მითუმეტეს დღეს, როდესაც უკრაინის საზღვარი გერმანულმა "ლეოპარდებმა" გადმოკვეთეს. ოფიციალურმა ვარშავამ, ბერლინის თანხმობის შემდეგ, მეგობარ ქვეყანას პირველი ოთხი ტანკი პირადად ჩაუტანა, იქნება მეტიც. უკრაინელმა სამხედროებმა გერმანულ ტანკებს დანიშნულების წერტილი უკვე დაუსახეს.

თავდაცვის მინისტრი ორაზროვნად ხუმრობდა, თუმცა სახუმაროდ ვერ მოიცლიან რუსი ჯარისკაცები, რომელსაც თავიანთი საბჭოთა ტექნიკით, ლეოპარდების გარდა, მალე ბრიტანულ ჩელენჯერებთან, ჰაიმარსის სისტემებთან და ამერიკულ აბრამსებთან გამკლავება მოუწევთ. "კარგია თუმცა მეტია საჭირო" - ქვეყნის პრეზიდენტი წლის შეჯამებაზე პარტნიორებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, კიდევ უფრო მეტს ითხოვს.

ზელენსკი არ მალავს, რომ მსოფლიოს მხარდაჭერას მათ ბედისწერაში გადამწყვეტი როლი აქვს, რადგან სწორედ ეს აძლიერებთ. გუშინაც ასე იყო, როდესაც უკრაინას მსოფლიომ ქუჩებიდან აჩვენა, რომ სოლიდარულია. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია თბილისში გაიმართა და უკრაინელებს ეს არ გამოჰპარვიათ. მადლობები თბილისს პირადად სვეტოსლავ ვაკარჩუკმა გამოუგზავნა, "ოკეან ელზის" სოლისტს "კურიერი" ესაუბრა.

სიმბოლურ დღეს უკრაინაც და მსოფლიოც ემოციებით შეხვდა. თუმცა, ახლა საქმე ბოლომდეა მისაყვანი, დრო არ ითმენს. კიევი ყველაფერს გააკეთებს, რომ უკვე შემდეგ თარიღამდე გამარჯვებულის სტატუსით მივიდეს.

დღის ამბები