საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი. ქვეყნის მასშტაბით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. 1921 წელს, ამ დღეს, რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. ტრაგიკული მოვლენების ეპიცენტრი, კოჯრისა და ტაბახმელას მისადგომები იყო – ადგილი, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა.
კოჯორში არსებულ გმირთა მემორიალთან დილიდან ხალხმრავლობა იყო. ადგილზე მთავრობის მეთაური მივიდა და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელშიც დაწერა. პრემიერი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთმა ყველაზე ტრაგიკულმა მოვლენამ მრავალი ჩვენი თანამემამულის - ახალგაზრდა იუნკრების, შეიარაღებული ძალების მებრძოლებისა და მოხალისეების, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და მრავალი ათწლეულით შეცვალა ქვეყნის განვითარება.
პრემიერთან ერთად იუნკერთა მემორიალთან იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თავდაცვის მინისტრი.
ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალთან იმყოფებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, 25 თებერვალი არის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა თავისუფლების იდეას თავი შესწირეს.
მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს ”ხალხის ძალის” წარმომადგენლებმა.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. დროშები დაშვებულია სახელმწიფო შენობებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. ასევე თავდაცვის და სხვა სამინისტროების შენობებთან. ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაეშვა პარლამენტის სასახლეზეც. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ 2010 წელს სწორედ საქართველოს პარლამენტმა გამოაცხადა.