26 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
გასაგებია, რომ "ხალხის ძალის" პროექტის სტიგმატიზების მცდელობის ფონზე არსებობს გარკვეული წუხილი, პარტნიორებთან საუბრებში ყველა ვთანხმდებით, რომ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი - შალვა პაპუაშვილი

გასაგებია წუხილი, რომელიც ჩვენს პარტნიორებს აქვთ, განსაკუთრებით იმ პროპაგანდისტული ტალღის ფონზე, რომელიც ვრცელდება "ხალხის ძალის" კანონპროექტთან და იდეასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. 

პაპუაშვილმა გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, "ხალხის ძალის" მიერ მომზადებული კანონპროექტის, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" დამტკიცება შეუსაბამო იქნება საქართველოს მისწრაფებებთან, ასევე ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.

პაპუაშვილის თქმით, საუბარი ჰქონდა როგორც ქვეყნის პარტნიორებთან, ასევე დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და აღნიშნა, რომ ყველა თანხმდება, რომ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი და საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ, რა ფინანსური რესურსები არსებობს იმ სუბიექტების უკან, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებასა და მიღებაში.

"იმ პროპაგანდისტული აჟიოტაჟის ფონზე, რაც „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტების გარშემო მიმდინარეობს, ხდება მისი პირდაპირ სტიგმატიზება რუსულ კანონად და ა.შ. რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი, რომ გარკვეული წუხილი ისმის ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ეს არ არის პირველი შემთხვევა. მეც მაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან. მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. გასაგებია ის წუხილი, რომელიც მათ აქვთ, განსაკუთრებით, კიდევ ერთხელ, იმ პროპაგანდისტული ტალღის ფონზე, რომელიც ვრცელდება ამ პროექტთან და იდეასთან დაკავშირებით. ამ საუბრებში ყველა ვთანხმდებით, მათ შორის პარტიორებთან, რომ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ, რა ინტერესები არსებობს, რა ფინანსური რესურსები არსებობს იმ სუბიექტების უკან, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებასა და მიღებაში. ამიტომ ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური საფუძველი ამგვარი მიდგომებისა და ამაზე ყველა ვთანხმდებით, რომ პირველი, გამჭირვალობა არის აუცილებელი, განსაკუთრებით ამ პერიოდში. მათ შორის, ეს არის 12 რეკომენდაციის შემადგენელი ნაწილი, როცა საუბარია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე. რა თქმა უნდა, ეს, თავის მხრივ, გულისხმობს ჩართულობასთან ერთად პასუხისმგებლობის აღებას, რომელიც ამ სუბიექტებს უნდა ჰქონდეთ, რომ იყვნენ ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე საზოგადოებისა და მოქალაქეების წინაშე. თავისთავად, ეს წუხილები რომ არსებობს, ვიცით, ამ პროექტების განხილვა ჯერ არ დაწყებულა პარლამენტში. იცით, დაიწყება განხილვები, გვექნება ამაზე კომუნიკაცია როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან, ისე პარტნიორებთან და თუკი არსებობს რამე წუხილი, ამაზე გვექნება კომუნიკაცია,"  – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, ყველა თანხმდება, რომ გამჭვირვალობა დემოკრატიული პროცესების საფუძველია.

"გასაგებია, რომ ამ პროპაგანდისტული აჟიოტაჟისა და ამ პროექტის სტიგმატიზების მცდელობის ფონზე, როდესაც ხდება ამ დისკუსიის პირდაპირ სტიგმატიზება, თითქოს ეს არის რუსული დისკუსია თუ რუსული პროექტი, არსებობს გარკვეული წუხილები. ეს აბსოლუტურად გასაგებია. მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჩვენს სხვადასხვა პარტნიორთან და ერთ რამეზე ვთანხმდებით ყველა, რომ გამჭვირვალობა არის საფუძველი დემოკრატიული პროცესებისა. როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირების პროცესში მონაწილე სუბიექტებიდან ყველა – სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიტიკური თანამდებობის პირები, საჯარო მოხელეები არიან გამჭირვალობის უმაღლეს დონეზე და იქვე არიან სხვა სუბიექტები, რომლის გამჭვირვალობაც, სამწუხაროდ, არ არის იმ დონეზე, როგორც არის სახელმწიფოს გამჭვირვალობა, მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს ეს გამჭვირვალობა. ამაზე თანხმდება ყველა. შესაბამისად, წუხილები გასაგებია. ასევე გასაგებია, რომ ტერმინებთან დაკავშირებით შეიძლება, იყოს გარკვეული დისკუსია. თუმცა, სწორედ ეს არის, ყველა უნდა დააკვირდეს, რომ ტერმინებზე საუბრით ცდილობენ, ჩაახშონ მთავარი საკითხი, რომელიც შეეხება გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ხალხის სახელით, საქართველოს საზოგადოების სახელით და საქართველოს ხალხის უფლებაა, იცოდეს, რა ფინანსური რესურსები დგას იმ სუბიექტების უკან, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებასა და მიღებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები