26 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
უკრაინის ომი და მისი შედეგები მსოფლიოს ქვეყნებისთვის - რა შეიცვალა საქართველოსთვის ერთი წლის მანძილზე

ქართულ მხარდაჭერას უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ყოველთვის შესაბამისი აღქმა არ ჰქონია. ომის დაწყებიდან მალევე, ოფიციალურმა კიევმა საქართველოს მისამართით რიტორიკა შეცვალა. უკრაინიდან ხშირად ისმოდა მოწოდება საქართველოს ტერიტორიების სამხედრო გზით დეოკუპაციის შესახებ. იყო ბრალდებები ხელისუფლების მიმართ, თუმცა მტკიცებულებების გარეშე. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ უსაფრთხოების გამოწვევები ომის წლისთავზეც არსად გამქრალა. 

ოფიციალური კიევის ბრალდებების მიუხედავად, საქართველომ უკრაინას მხარი გაეროში, ევროსაბჭოსა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში დაუჭირა. ქვეყანა ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო ჰააგაში, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის დროსაც. დიპლომატიურთან ერთად, უკრაინას საქართველომ ჰუმანიტარული დახმარებაც აღმოუჩინა. გაიგზავნა ტონობით ტვირთი და გენერატორები. საქართველო ჰუმანიტარული მხარდაჭერის კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია. ადგილზე სრულფასოვან დახმარებას იღებენ უკრაინელი დევნილები. მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, ომმა ქვეყნის უსაფრთხოებას ურთულესი დარტყმები მიაყენა, თუმცა კრიზისების შექმნის მცდელობების მიუხედავად, ქართულ სახელმწიფოს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაზე უარი არასდროს უთქვამს.

ომის წლისთავზე ქვეყნის უსაფრთხოება რომ მთავარი გამოწვევაა, ამას ოპოზიციაშიც ადასტურებენ. მათი თქმით, საჭიროა მთელი პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდირება, რომელიც დღემდე ვერ ხერხდება.

ამბობენ, რომ ომმა პოლარიზაცია უფრო გააღრმავა. ოპოზიციონერი კანონმდებლების აზრით, შიდა დაპირისპირება იმ შანსებსაც ამცირებს, რომელიც კრიზისებთან ერთად, ჩნდება.

რუსული აგრესია და უკრაინელების გმირული ბრძოლა, საერთაშორისო საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს მკაფიო არგუმენტია სხვა ოპოზიციური ძალებისთვისაც. ამბობენ, რომ ომმა აგრესორის სრული ლუსტრაცია შეძლო, რასაც საქართველო სწორი კუთხით იყენებს. 

რუსული სამხედრო აგრესია დღესაც გრძელდება. დაბომბილი სახლები, დანგრეული ინფრასტრუქტურა და დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა - ეს უკრაინის ყოველდღიურობაა. ამ ფონზე, ოკუპანტის ტანკები შორს ჯერ არც ქართული მიწიდან წასულან. თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში, ცხინვალსა და სოხუმში ამ დრომდე ორი რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული.

დღის ამბები