26 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
ერთი წელი უკრაინის ომის დაწყებიდან და მხარდაჭერა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე - საქართველოს დახმარება უკრაინას გასული ერთი წლის მანძილზე

საქართველოს ხელისუფლება მუდმივად აცხადებს, რომ ის რუსული ოკუპაციის პირობებში ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად, თუმცა არა საკუთარი ქვეყნის ინტერესების ხარჯზე. ასე მოხდა გუშინაც, როდესაც ეუთოს წევრმა 19-მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, რუსეთის დელეგაციისდამი პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. ბოლო დოკუმენტი, რომელსაც საქართველომ მხარი დაუჭირა, დღევანდელი დღით თარიღდება.

საქართველო სამხრეთ კავკასიაში კვლავ ერთადერთია, ვინც ხმას აძლევს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას გაეროში. აზერბაიჯანი კვლავ არ იყო, სომხეთმა კი ისევ თავი შეიკავა.

ამას წინ უძღოდა გაეროს სხვა რეზოლუციები, ევროკავშირის და ევროსაბჭოს დეკლარაციები. ჰააგა, სადაც რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის ერთ-ერთი ავტორი ასევე თბილისია.

საერთო ჯამში საქართველოს 500-ზე მეტ დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი. საქართველო ასევე ესწრება რამშტაინის შეხვედრებს, სადაც უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის თანამედროვე შეიარაღების გადაცემის ბედი წყდება.

ფაქტობრივად არ არის რეზოლუცია და დეკლარაცია, რომელსაც საქართველოს "კი" არა აქვს.

გთავაზობთ ყველა იმ დოკუმენტს, რომელზეც თბილისის ხელმოწერაა.

რუსეთ უკრაინის ომმა, რადიკალურად შეცვალა მსოფლიოს პოლიტიკური დღის წესრიგი. ცივილიზებული მსოფლიო უკრაინის მხარესაა – 2022 წლის 24 თებერვლიდან ყველა შეთანხმდა, რომ აგრესორის წინააღდეგ უნდა გაერთიანებულიყო და გვერდში დადგომოდა უკრაინას;

საქართველო უკრაინის გვერდითაა და ამას ცხადყოფს ჩვენი ქვეყნის მიერ მოძმე უკრაინელების მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯები, ომის 1 წლის თავზეც იდება პირობა, რომ უკრაინის და უკრაინელების დახმარება გაგრძელდება;

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 2023 წლის 24 თებერვლის რეზოლუცია - ორგანიზაცია რუსეთისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან, მხარდამჭერ ქვეყანას შორის საქართველოცაა. რეზოლუცია 141 მომხრე ხმით დამტკიცდა, წინააღმდეგი 7 სახელმწიფო იყო - რუსეთი, ბელარუსი, სირია, ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, ნიკარაგუა და მალი. 32-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა. გაეროს რეზოლუცია მხოლოდ ერთია, იმ მხარდამჭერ ნაბიჯებს შორის, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ უკრაინის დასახმარებლად გადადგა;

მხარდამჭერი ქმედებების სია ვრცელია. ჩვენი ქვეყანა მიერთებულია ევროკავშირის დეკლარაციასაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში შეჭრის თაობაზე. საქართველო ასევე თანასპონსორია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას გმობს;

საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებასაც - რუსეთისთვის მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობითი უფლების შეჩერების შესახებ;

ჩვენი ქვეყანა მიუერთდა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ერთობლივ განცხადებასაც და კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ;

საქართველო ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო ჰააგაში, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის დროსაც. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს რუსეთის მიერ უკრაინაში აკრძალული იარაღის გამოყენების და დასახლებული ქალაქების დაბომბვის ფაქტებს;

ყველა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში, საქართველომ დაასპონსორა, შეუერთდა და მხარი დაუჭირა 500-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ განცხადებასა თუ სხვა ინიციატივას უკრაინის შესახებ;

მხარდამჭერ დეკლარაციებს და განცხადებებს ემატება საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში. 2022 წლის 16 აპრილს, ომის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ, დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ჩავიდა უკრაინაში და საკუთარი თვალით ნახა რუსული სისასტიკის შედეგი. ქართველი დეპუტატები კიევში უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა მიიღო. საქართველოს დელეგაციის წევრები რადას თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდნენ ბუჩასა და ირპენში.

უკრაინისადმი მხარდაჭერა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა. უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების პირველ თვეებში საქართველო, 191 ქვეყანას შორის, პირველ ადგილზე იყო უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით. ჯამში საქართველოდან უკრაინაში 1000 ტონამდე ტვირთი გაიგზავნა.

ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი მოიცავდა მედიკამენტებს და სამედიცინო აღჭურვილობას, ბავშვთა საკვებს, არამალფუჭებად სურსათს, პირველადი მოხმარების ნივთებს, ტანსაცმელს, ჰიგიენის საშუალებებს და ელექტრო მოწყობილობებს. ამას დაემატა მაღალი სიმძლავრის გენერატორები, რომელიც საქართველოს მთვარობამ უკრაინას გადასცა. გენერატორები საჭიროების შესაბამისად გადანაწილდა ხარკოვში, ნიკოლაევში, ლვოვსა და კიევში.

გარდა ამისა საქართველო დაეხმარა ომს გამოქცეულ უკრაინელებსაც. შეიქმნა 24 საათიანი ცხელი ხაზი უკრაინელი ვიზიტორებისთვის, უფასო იყო საქართველოს ფოსტით ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათების უკრაინის მიმართულებით გაგზავნა. უკრაინიდან საქართველოში იძულებით გადაადგილებული უკრაინის მოქალაქეებისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო, აუცილებელი სამედიცინო სერვისების მიწოდებას უფასოდ უზრუნველყოფს. მოქმედებს სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამაც, რომელიც საქართველოში ჩამოსული უკრაინის მოქალაქეების ფულად დახმარებას გულისხმობს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეებს, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას, შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ საქართველოში. ისინი სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. გარდა ამისა, "მიხეილ გრუშევსკის" სახელობის თბილისის 41-ე, 220-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა, სადაც დასაქმებულები არიან უკრაინიდან ჩამოსული მასწავლებლები. ორივე ქალაქში უკრაინულ სექტორზე ამ ეტაპზე 1 500-მდე ბავშვი აგრძელებს ზოგადი განათლების მიღებას.

საქართველო უკრაინის გვერდითაა და ამას ცხადყოფს ჩვენი ქვეყნის მიერ მოძმე უკრაინელების მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯები, ომის 1 წლის თავზეც იდება პირობა, რომ უკრაინის და უკრაინელების დახმარება გაგრძელდება.

 

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები