24 თებერვალი - დღე, როდესაც ომი დაიწყო. "მგონი გვბომბავენ" - ეს იყო შარშან ამ დღეს, უკრაინელების პირველი სიტყვები და პირველი შოკი.
24 თებერვალი ასევე არის დღე, რომელმაც მსოფლიო მთლიანად შეცვალა - დაღუპული და დასახიჩრებული ბავშვები, გაუპატიურებული ქალები, მიწასთან გასწორებული ქალაქები, ასობით ათასი დევნილი, გაქცევა საკუთარი ქვეყნიდან და კილომეტრიანი რიგები სხვა ქვეყნების საზღვრებთან.
2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 24 თებერვლამდე - უკრაინის დედაქალაქი ისევ დაბომბვის მოლოდინშია. "მე არ მჭირდება ტაქსი, მე მჭირდება იარაღი" - ეს იყო ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი პასუხი ევაკუაციის შეთავაზებაზე. გავიდა ერთი წელი და პრეზიდენტი ისევ პარტნიორების სამხედრო საწყობებს ითხოვს. თუმცა უკვე ცხადია, რომ მსოფლიოს მეორე არმიად წოდებული რუსული ჯარი უკრაინის დედაქალაქს ვეღარ აიღებს.
ზუსტად ერთი წლის შემდეგ იმავე ქალაქში, რომელსაც რუსეთის არმია ბლიც კრიკით აღებას უპირებდა, ხალხი ისევ დგას. მათ შორის ფოსტის შენობის რიგში, რათა 24 თებერვლის ერთ-ერთი სიმბოლო, სპეციალურად ამ დღისთვის გამოცემული საფოსტო მარკა შეიძინონ. თავად ამ მარკის ამბავი და მისი დატვირთვა კი ცალკე აღნიშვნის ღირსია. ბენკსის ცნობილი ნახატი ომის დასაწყისშივე მიწასთან გასწორებული ბოროდიანკას კედელზე, რომელზეც პატარა უკრაინელი ბიჭი პუტინს ძიუდოს ილეთით ზურგზე ანარცხებს. აქვეა მინიშნება ცნობილ ფრაზაზე, რომლითაც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს და რუსულ სამხედრო ხომალდს მიმართულებისკენ მიუთითებენ.
სიმბოლური თარიღების სასტიკი მეთოდებით აღნიშვნა რომ რუსეთს ახასიათებს, უკრაინელები უკვე მიეჩვივნენ. ამიტომ კიევში საფრთხის განცდა და დაძაბულობა დღესაც იგრძნობა. წინა წელთან განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ აქ ხალხი შიშისგან, პანიკისგან და დაბნეულობისგან გათავისუფლდა.
ომის წლისთავს ღია სივრცეში და ღია გზავნილებით შეხვდა უკრაინის პრეზიდენტი. კიევში, სოფიას მოედანზე ვოლოდიმირ ზელენსკი იმ ადამიანებს შეხვდა, ვის თავდადებაზეც ახლა ქვეყნის მომავალი დგას. ასევე მათ, ვინც გასული წლის განმავლობაში მტერთან ბრძოლაში ოჯახის წევრები დაკარგეს. უკრაინის გმირის წოდება რამდენიმე ათეულ სამხედროს მიენიჭა. ნაწილს სიცოცხლეში, ნაწილს კი სიკვდილის შემდეგ.
კიევი დგას, უკრაინელი ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლას განაგრძობს და ამ გზაზე მათ უკვე დიდი მსხვერპლი გაიღეს. რუსეთის აგრესიამ ათასობით ცხედარი, ტრავმირებული ადამიანი და მტკივნეული ადგილი დატოვა, რომლის დასახელება დღეს მთელმა მსოფლიომ იცის. ერთ-ერთი მათ შორის უდაოდ არის ბუჩა - მშვიდობიანი მოსახლეობის წამების, ხოცვის და ომის დანაშაულების ადგილი, რომელიც რუსეთის აგრესიის სახეს თვალსაჩინოდ აღწერს.
აუნაზღაურებელი დანაკარგების სასაფლაოზე დღეს ადგილობრივები კვლავ გლოვამ გააერთიანა. მძიმე ბგერებით და გატეხილი ხმით, თუმცა მაინც დუმილი აქაც ეროვნული ჰიმნის შესრულებით დაარღვიეს.