ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე შვიდი სახეობიდან ორში საუკეთესოები გამოვლინდნენ - დარჩენილ ცხრა დღეში პრიზიორების ვინაობა 5 დისციპლინაში გახდება ცნობილი, მათ შორის სკი კროსში, რომლის კვალიფიკაციაში, 14 ქვეყნის 61-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის სამმა ქართველმა მოთხილამურემ.
მიმდინარე ტურნირზე პირველად ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების წევრი იასპარეზებს. დავით თედიაშვილმა საუკეთესო 32 სპორტსმენს შორის გასვლა მოახერხა. სკი კროსის ფინალი დიდველის ფერდობზე 25 თებერვალს გაიმართება.
დიდველის ტრასაზე ოფიციალური ვარჯიში და კვალიფიკაცია ჩატარდა სნოუბორდ სლოუფ სტაილში, დღესვე 18 ქვეყნის 27-მა სპორტსმენმა მოგულის დისციპლინაში ივარჯიშა.
მსოფლიო ჩემპიონატის ინფრასტრუქტურით და ორგანიზებით კმაყოფილია საერთაშორისო ფედერაცია. "ფი აი სის" წარმომადგენლები, რომელებიც ტურნირს აკვირდებიან დარწმუნებულები არიან, რომ დაბა ბაკურიანი სულ მცირე დროში სამთო-სათხილამურო სპორტში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.
მსოფლიო პირველობა რომელშიც 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს დაბა ბაკურიანში 5 მარტამდე გაგრძელდება.