26 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
ყოვლად გაუმართლებელია ის ომი, რომელიც წამოიწყო რუსეთმა, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ქართველი ხალხი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ბუნებრივია, ჩვენი საუბარი შეეხო უკრაინაში ომს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში, ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა ქვეყნის ლიდერის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ მსოფლიოში იყოს მშვიდობა.

„თურქეთის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ რეგიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. ბუნებრივია, ჩვენი საუბარი შეეხო უკრაინის ომს. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ჩვენი ხედვა უნდა დაეფუძნოს გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას უკრაინაში, რომელიც იქნება იმის წინაპირობა, რომ შეიქმნება მშვიდობიანი განვითარების მყარი საფუძველი. ყველა ქვეყნის ლიდერის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ მსოფლიოში იყოს მშვიდობა და ჩვენ არ დავუშვათ ომების გაგრძელება.

მინდა აღვნიშნო, რომ დღეს 24 თებერვალს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში დამანგრეველი ომი დაიწყო. ყოვლად გაუმართლებელია ის ომი, რომელიც წამოიწყო რუსეთმა. იცით, რომ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ქართველი ხალხი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. ჩვენ ათასობით უკრაინელს ვუმასპინძლეთ საქართველოში, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებს. ასევე იცით, რომ ჩვენ ვიყავით თაანასპონსორი გაერო-ს რეზოლუციის, ასევე ჩემი დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრი ახლა იმყოფება ნიუ იორკში, სადაც თავად მიიღო მონაწილეობა გაერო-ს ასამბლეის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა უკრაინის ომს, ომის წლისთავს. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. გვინდა, ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და აღდგეს მშვიდობა. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ 400-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას მივუერთდით ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ყველა პლატფორმაზე გამოვუცხადეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს. სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი პრეზიდენტ ერდოღანთან. ბუნებრივია, ასევე მიმოვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, რომელიც უკავშირდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს. კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდეს და ვაკეთოთ კიდევ უფრო მეტი სასარგებლო საქმეები ორივე მხარისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები