26 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
მსხვილი იმპორტიორების მიერ თვითნებურად გაზრდილი ფასები რეფერენტულ წამლებზე - "კურიერი"რამდენიმე დიდ სააფთიაქო ქსელში შევიდა

საქართველოში მედიკამენტები ისევ გაძვირდა - არის ეჭვი, რომ ხელოვნურად. 

"წინასწარი შეფასებით, ფასების ერთდროულად გაზრდის პროცესში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს ან დომინირებული მდგომარეობის გამოყენებას მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით" - ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ეს წინადადება სხვა არაფერია, თუ არა კარტელური გარიგება, რომელიც მსხვილი მოთამაშეების ბაზარზე ბატონობას და ფასებზე კონტროლის დაწესებას ნიშნავს. სახელმწიფოს თავისი ეჭვები აქვს, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია კი, ამ ეჭვებით შეურაცხყოფილია.

მსხვილი მოთამაშეები ირწმუნებიან, რომ წამლების გაძვირება თურქეთის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელმაც თავად გაზარდა ფასები და ექსპორტზე გასატანი მედიკამენტები შეზღუდა. რა ღირდა და რა ღირს კონკრეტული წამლები საქართველოში - "კურიერმა" დღეს სააფთიაქო ქსელების რეიდი განახორციელა. იმის მიუხედავად, რომ ფარმაცევტები შეეცადნენ, დავერწმუნებინეთ, ომ წამლებზე ფასი არ შეცვლილა, მონაცემები სხვა ფაქტზე მეტყველებს. ქრონიკული დაავადების სამკუნალო პრეპარატი - თემოდალი, რომლის ღირებულება, დაახლოებით ერთი კვირის წინ, 143 ლარი და 50 თეთრი იყო, დღეს ორჯერ გაზრდილია და 280 ლარი ღირს. გაძვირებულია ანტითრომბოზული საშუალებებიც. "ქსარელტოს" ფასი 23-დან 50 ლარამდე გახდა.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზრდილია. წინასწარი შეფასებით, არც იმას გამორიცხავენ , რომ მსხვილ კომპანიებს შორის შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს და ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას.

ფარმაცევტული კომპანიების უმრავლესობა დღეს კომენტარს არ აკეთებს. ასოციაციაში იმპორტირებულ წამლებზე ფასების ზრდას ადასტურებენ. ამბობენ, რომ თურქეთმა ექსპორტზე გასატან მედიკამენტებზე ფასი 36 % -ით გაზარდა და ქვეყანაშიც პრეპარატები გაძვირებული შემოდის.

ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ პრობლემას კონკურენციის სააგენტო შეისწავლის. კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროსთან უკვე დაწყებულია.

პრემიერის გადაწყვეტილებით საქართველომ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი გასული წლის მარტში დაიწყო, რამაც პრეპარატების ღირებულება 60%-80%-ით გააიაფა. ერთი კვირის წინ კი მთავრობამ წამლებზე ზედა ზღვარი - რეფერენტული ფასები დააწესა. ახალი პროგრამა კომპანიებს ფასების თვითნებურად გაზრდის უფლებას არ აძლევს. ჯანდაცვის სამინისტრო ბაზრის კონტროლს განაგრძობს. კონკურენციის სააგენტო კომპანიებს შემოწმების შედეგს მალე გაასაჯაროებს.

დღის ამბები