26 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
შეწყდება თუ არა საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტი - "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია საკითხზე მომდევნო კვირაში იმსჯელებს

შეწყდება თუ არა საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტი - "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია საკითხზე მომდევნო კვირაში იმსჯელებს. თუმცა, მანამდე, ნაწილს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, მათ შორის,ფრაქციის ყოფილ თავმჯდომარეს.

ხატია დეკანოიძე მზადაა უარი თქვას ბოიკოტზე და პირველ ეტაპზე, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებს შეუერთდეს.

დეკანოიძე ფიქრობს, რომ პარტიამ მიზნების მისაღწევად ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს - მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნაც, სწორედ ამიტომ თანაგუნდელებს მისი პოზიციის გაზიარებასაც ურჩევს.

მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ბოიკოტი ორად გაყოფილ პარტიაში დამატებითი განხეთქილების მიზეზია, პარტიის თავმჯდომარე მაინც ამტკიცებს, რომ გუნდში დაპირისპირება არ არსებობს. ლევან ხაბეიშვილი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტირების ინიციატორი იყო, დღეს ამ საკითხზე აღარ საუბრობს. მისი ფლანგის წევრები კი არ გამორიცხავენ რომ საპარლამენტო საქმიანობას შეუერთდებიან.

"ნაციონალურ მოძრაობას" ბოიკოტის შეწყვეტას ურჩევს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, თუმცა, მათთვის ამ დრომდე გაუგებარი რჩება, ან რატომ აირჩია პარტიამ ეს გზა და ან რატომ აპირებს ახლა პოზიციების ცვლილებას. არგუმენტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში დასაბრუნებლად "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილმა დაასახელა, ოპოზიციისთვის არარეალურია.

სამჯერ საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტი და ყველა ეტაპზე პოზიციების ცვლილება პარტიის არასერიოზულობაზე მეტყველებს საპარლამენტო უმრავლესობისთვის. დეპუტატები ამბობენ, რომ მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას გადაწყვეტს "ნაციონალური მოძრაობა". 

მიუხედავად ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე მაინც მიიჩნევს, რომ საპარლამენტო დისკუსიაში ოპოზიციური ფლანგის მონაწილეობა აუცილებელია.

საპარლამენტო ბოიკოტს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მიმართა. პარტიას მას შემდეგ საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობა აღარ მიუღია.

დღის ამბები