26 ნოემბერი 2024,   20:17
ვრცლად
აღიარა თუ არა გიული ალასანიამ, რომ საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლა ავანტიურა იყო - ექსპრეზიდენტის დედის ინტერვიუ დიმიტრი გორდონთან

დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში გიული ალასანია აღიარებს, რომ საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლა ავანტიურა იყო. ექსპრეზიდენტის დედა პირდაპირ ამბობს, რომ ამჯერად, შვილის გეგმამ არ გაამართლა, რის გამოც ის რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ინტერვიუდან ირკვევა ისიც, რომ ყოფილი პრეზიდენტის გეგმის შესახებ წინასწარ იცოდა ჟურნალისტმა გორდონმაც. გიული ალასანიამ პრესასთან დღესაც დაადასტურა, რომ მისი შვილი საქართველოში კონკრეტული გეგმით ჩამოვიდა, თუმცა ამტკიცებს, რომ მიზანი გადატრიალება არ იყო.

სააკაშვილის ავანტიურა და არეულობა ქვეყანაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის დესტრუქციული გეგმები, მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარებასთან დაკავშირებით, თავად სააკაშვილის დედამ გაამხილა და გორდონმაც დაადასტურა.

ყოფილი პრეზიდენტის გეგმებზე "ნაციონალურ მოძრაობაშიც" საუბრობენ, პარტიაში ამტკიცებენ, რომ სააკაშვილის მიზანი არა გადატრიალება, არამედ ქვეყნის გადარჩენა იყო.

გორდონთან ინტერვიუ ერთადერთი შემთხვევა არ არის, სადაც გიული ალასანია საქართველოში შვილის ჩამოსვლასა და ავანტურაზე საუბრობს. "კურიერის" მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ აუდიომასალაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამდეა ჩაწერილი, ალასანია ამბობს, რომ უკრაინიდან საქართველოში მის დაბრუნებას რუსეთი წყვეტდა.

საპარლამენტო უმრავლესობა დღეს აქცენტს სააკაშვილის მხრიდან დაგეგმილ სპეცოპერაციაზე აკეთებს. ამბობენ, რომ დიმიტრი გორდონმაც და გიული ალასანიამაც ინტერვიუში პირდაპირ დაადასტურეს, ექსპრეზიდენტის დესტაბილიზაციაზე გათვლილი გეგმები

გიული ალასანიამ, უკრაინელ ჟურნალისტ- დიმიტრი გორდონთან ინტერვიუ გუშინ ჩაწერა, მას შემდეგ რაც კლინიკა "ვივამედის" ექიმებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს, თუ როგორ კვებავს შემცირებული კალორაჟით პატიმარს ოჯახი.

ავტორი : ანუკა ბუავა

დღის ამბები