წელს საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ტურისტული გამოფენის - "აი თი ბი ბერლინის" მასპინძელი ქვეყანაა.
გერმანიაში საქართველო ტურიზმის სფეროს 80-მდე ქართულ კომპანიასთან ერთად წარდგება. "აი თი ბი ბერლინზე" მონაწილეებისთვის დღეს თბილისში სპეციალური შეხვედრა გაიმართა. ტურიზმის ადმინისტრაციამ მათ გამოფენაზე დაგეგმილი ღონისძიებების დეტალები გააცნო.
უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა - ამ სლოგანით წარდგება საქართველო საერთაშორისო გამოფენაზე. აი თი ბი ბერლინზე, რომელსაც მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 2500-ზე მეტი სტუმარი დაესწრება, საქართველოს თავისი პავილიონი ექნება. სათავგადასავლო ტურიზმისთვის კი, რომელიც უცხოელ სტუმრებს ყველაზე მეტად იზიდავს, ცალკე სივრცე დაეთმობა.
სასტუმროები, რესტორნები, ავიაკომპანიები და ტურიზმის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის "აი თი ბი ბერლინის" კარი, 6 მარტს გაიხსნება. მიზანი კი მსოფლიოს მასშტაბით კონტაქტებისა და ბიზნეს ურთიერთობების დამყარებაა.
საქართველო "აი თი ბი ბერლინის" მასპინძელი ქვეყანა წელს პირველადაა. ამის შესახებ ბერლინში ჩასული სტუმრები აეროპორტიდანვე გაიგებენ. მთელს ქალაქში გამოიფინება ბანერები, სადაც საქართველოს ხედები იქნება დაბრენდილი. საერთაშორისო გამოფენას, 5000მდე საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი დაესწრება და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გაშუქდება.
"აი თი ბი ბერლინის" მასპინძლობის სტატუსი საქართველომ 2019 წელს, პანდემიის დროს მიიღო. ისტორიულად მნიშვნელოვანი ღონისძიების გახსნის ცერემონია ტრადიციულად ლენტის გაჭრით გაიხსნება და 45 წუთიანი ეროვნული პროგრამით, მსოფლიოს წინაშე წარდგება.