რუსეთს აქვს კოლონიალური ამბიციები, მას სხვა ქვეყნების დამორჩილება და მათგან სარგებლის მიღება სურს - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ CNN-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ამის კარგი მაგალითები უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არიან. ანდჟეი დუდას განცხადებით, რუსეთმა თავისი იმპერიული ამბიციები უნდა შეაჩეროს.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ რუსეთმა უარი თქვას იმპერიალისტურ ამბიციებზე. რუსეთი არის იმპერია, რომელსაც აქვს კოლონიალური ამბიციები. მას სურს, დაიმორჩილოს სხვა ქვეყნები და მათგან სარგებელი მიიღოს. ამის კარგი მაგალითი დღეს უკრაინაა, მაგრამ არის სხვა ქვეყნებიც. ბოლო წლებში, 2008 წელს რუსეთმა თავდასხმა განახორციელა საქართველოზე, ასევე მუდმივი პრობლემაა მოლდოვაში. ასე რომ, რუსეთი ბევრი ქვეყნის დესტაბილიზაციას ახდენს და უკრაინამ განიცადა ეს ფრონტალური შეტევა. ეს ომი იმის დემონსტრირებაა, რომ რუსეთი თავის იმპერიული ამბიციების აღდგენას ცდილობს და მან ეს უნდა შეაჩეროს," - აცხადებს პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა.