26 ნოემბერი 2024,   20:20
ვრცლად
უკრაინასა და საქართველოს, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს სჭირდება მშვიდობა, ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია გაეროს - ილია დარჩიაშვილის გამოსვლა გაეროში

"უკრაინასა და საქართველოს, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს სჭირდება მშვიდობა. ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია გაეროს" - ამ სიტყვებით მიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სესიის დელეგატებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილმა აქცენტი რუსეთის ძალადობრივ ქმედებებზე გააკეთა, რომელიც "არღვევს გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას". მისივე თქმით, საქართველო ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მომხრედ რჩება.

"რუსეთის ძალადობრივი ომი უკრაინის წინააღმდეგ არის თავდასხმა მთელ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგზე, რომელიც არღვევს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოების არქიტექტურას.

თითქმის 15 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ. რუსეთის მიერ ოკუპირებულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები. საქართველოს ეს ნაწილები მუდმივად დაუცველია. საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მომხრეა, რაც ერთის მხრივ, ეყრდნობა საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების შერიგებასა და ნდობის აღდგენას.

უკრაინას, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს სჭირდება მშვიდობა. ჩვენ ვდგავართ უპრეცედენტო მასშტაბის გლობალური გამოწვევების წინაშე, რაც მოითხოვს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას და თანამშრომლობას. ძალიან ბევრი რამეა, რისი გაკეთებაც გაეროს შეუძლია. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობებისთვის.

მინდა, ხაზი გავუსვა "მშვიდობის ფორმულის" ინიციატივის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველო ამ ინიციატივას მხარს უჭერს. ეს ინიციატივა სცილდება უკრაინის მშვიდობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და აქვს უფრო ყოვლისმომცველი მიზანი, დაიცვას გაეროს ძირითადი ღირებულებები.

კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი ძლიერი და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გაეროს წევრი 193 ქვეყნის წარმომადგენლები საგანგებო სესიაზე უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავის გამო შეიკრიბნენ.

დღის ამბები