26 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
საგამოძიებო სამსახური: კომპანია, რომელსაც უაქციზო სიგარეტი უნდა გაენადგურებინა, მას ყიდდა

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, გულგრილობისა და აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ხუთი პირი დააკავა, რომელთაგანაც ორი - კომპანიის დირექტორი და მისი თანამშრომელია.

"გამოძიებით დადგინდა, რომ სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული უაქციზო თამბაქოს ნაწარმის განადგურება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, უნდა განეხორციელებინა ერთ-ერთ კონტრაქტორ კომპანიას.

უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კომპანიის დირექტორი, თავისსავე თანამშრომელთან ერთად, აყალბებდა, ფიქტიურად ადგენდა საქონლის განადგურებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, რის შემდეგაც, პერიოდულად, სხვადასხვა მოქალაქის მეშვეობით, ახდენდა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას.

თბილისში, რუსთავსა და გარდაბანში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოვიღეთ სარეალიზაციოდ განკუთვნილი, დოკუმენტურად განადგურებულად დაფიქსირებული, 5 241 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 22 000 ლარს აღემატება" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200, 220-ე, 2201 და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

"ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით" - აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები