კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. "ვივამედის" დირექტორმა აღნიშნა, რომ კლინიკის და სამედიცინო პერსონალის მთავარი მიზანია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და სასიცოცხლო პარამეტრების გაუმჯობესება, თუმცა ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მთავარია პაციენტის მიზანიც იგივე იყოს.
"კლინიკა პაციენტის შემოსვლის პირველივე დღიდან აკეთებს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს. შეთავაზებულია მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, რაც დამტკიცებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ასევე ევროპული და ამერიკული გაიდლაინების შესაბამისი მკურნალობა და პაციენტისთვის კეთდება ყველა მკურნალობა, რაც ესაჭიროება იქნება ეს ლაბორატორიული თუ მაღალტექნოლოგიური კვლევები.
მოგეხსენებათ, სამკურნალო პროცესი შედგება ორი მთავარი კომპონენტისგან: პაციენტის მხარე და სამედიცინო მხარე. შემიძლია თამამად გითხრათ, ყველა ჩვენ ექიმისა და ჩვენი კლინიკის სახელით, ყველა ჩვენი ექიმი თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებენ და მას შეთავაზებული აქვს თანამედროვე მკურნალობის ყველა მეთოდი თუ საშუალება. არის მეორე მხარე, უნდა იყოს თანხვედრა იმ მიზნების რა მიზანიც გააჩნია სამედიცინო მხარეს და იგივე მიზანი უნდა ჰქონდეს პაციენტსაც. ჩვენი მიზანი ნამდვილად არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, რომ გაუმჯობესდეს სასიცოცხლო ფუნქციები, ფიზიოლოგიური პარამეტრები, სხვა მაჩვენებლები და ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია პაციენტზეც.
ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, თუ რატომ ხდება ასე და რატომ არის ამდენი ხნის განმავლობაში ასეთი შედეგი, რაც გვაქვს დღევანდელი დღისთვის. შემიძლია გაგახსენოთ, რომ თავისი ფეხით შემოვიდა პაციენტი და ახლა მას მართალია უჭირს გადაადგილება.
სამკურნალო პროცესში არის ორი მხარე: სამედიცინო და პაციენტის მხარე. ჩვენი მხარის მიზანი არის ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენება მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ეს თანხვედრაში უნდა იყოს პაციენტის მიზანთან," - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.