26 ნოემბერი 2024,   20:17
ვრცლად
თბილისში სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი გაიხსნა, რომელიც პარალელურად ენმ-ს დედაქალაქის ორგანიზაციის ოფისიც იქნება

თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი გაიხსნა - ლევან ხებეიშვილის განცხადებით, პარალელურად ეს იქნება "ნაციონალური მოძრაობის" დედაქალაქის ორგანიზაციის ოფისი, რომელსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს. ოპოზიციური პარტია კვლავ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს. 

"მნიშვნელოვანია, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ძლიერი იყოს დედაქალაქში, მათ შორის სტრუქტურულად. ამიტომ, დღეს ვხსნით დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ბროსეს ქუჩაზე N6-ში, რომელიც პარალელურად იქნება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ცენტრალური ოფისი. იმისთვის, რომ პარტია იყოს თბილისში ძლიერი, შევქმენით სამუშაო ჯგუფი. ამ სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს ირაკლი ნადირაძე, რომლის მთავარი დავალება და ამოცანა იქნება, რომ ძალიან სწრაფად მოახდინოს თბილისის ნაციონალური მოძრაობის რეორგანიზაცია და სტრუქტურულად გამართვა," - აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის შექმნას საპარლამენტო უმრავლესობაში გამოეხმაურნენ. "ხალხის ძალის" დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ "ნაცმოძრაობის" ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულია.

"აქ შეიძლება ერთი გამონათქვამით დავიწყოთ, რომ წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდა და ხაბეიშვილმა ვისი გადარჩენის შტაბი უნდა შექმნას თავისი თავი ჰყავს გადასარჩენი, სადაც ჩადის 2-3 კაცი ხვდება და ისიც მემგონი თავისი ჩაყვანილია. არ მგონია, რომ ან მიხეილ სააკაშვილს ან მის მხარდაჭერებს ხაბეიშვილის იმედი ჰქონდეთ, "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენის შანსი რომ არ არის ეს თავად "ნაცმოძრაობაშიც" ძალიან კარგად იციან. ჩვენ ვხედავთ ახლა იმ სურათს, რაც ვთქვით 1 წლის და რამდენიმე თვის წინ, რომ დაწყებული იყო ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი," - განაცხადა პარლამენტის წევრმა და საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები