26 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
მიგრაციის სტატისტიკა - მმართველი პარტიის თავმჯდომარემ საზღვრის კვეთის ზუსტი მონაცემები გაასაჯაროვა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ბოლო დროს ოპონენტების მხრიდან ქვეყანაში დემოგრაფიულ პრობლემებთან დაკავშირებულ განცხადებებს პასუხობს. ირაკლი კობახიძემ, დღეს, ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი მედიასთან მიგრაციის კუთხით არსებული რეალური მდგომარეობა მიმოიხილა.

"ქართული ოცნების" ლიდერმა თქვა, რომ 2018-21 წლებში უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 29 ათასი შეადგინა, რაც კრიტიკული ნიშნული ნამდვილად არ არის.

კობახიძის განმარტებით, მსგავსი პროცესები, უფრო მასშტაბურად, დღეს უკვე ევროკავშირის წევრ ბალტიისპირა ქვეყნებშიც მიმდინარეობდა. მიზეზი მარტივია - მოქალაქეების ნაწილი უვიზო გადაადგილების პირობებში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დროებით ამ გზას ხშირად ირჩევს.

ის, რომ სტატისტიკა საგანგაშო ნამდვილად არ არის, დღეს საქსტატის ხელმძღვანელმაც დაადასტურა. სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ 2004-12 წლებში, 2013-21 წლებთან შედარებით ქვეყანას 4-ჯერ მეტი მიგრანტი ჰყავდა. თოდრაძის თქმით, გასული ორი ათწლეულის მანძილზე, საქართველოში მიგრაციის დადებითი სალდოც მხოლოდ 2020 წელს დაფიქსირდა.

რამდენი მოქალაქე ტოვებს საქართველოს და რამდენი ბრუნდება - ამ კითხვის საპასუხოდ, სტატისტიკური მონაცემები ოპოზიციაში არ აქვთ. მიუხედავად ხშირი საჯარო კრიტიკისა, დღეს მათი ნაწილი ამბობდა, რომ მიგრანტების საკითხს საგანგაშოდ აღარ თვლის.

ოპონენტების კრიტიკას უსაფუძვლოს, პრეტენზიებს კი არგუმენტაციისგან დაცლილს უწოდებენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობიდან, დღეს, ოპონენტები მიგრაციის თემით სპეკულირებაში დაადანაშაულეს. კანონმდებლების განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლაზე წვდომის გამარტივებამ, დროებითი შრომითი მიგრაცია წაახალისა, თუმცა არსებული სტატისტიკა კლების ტენდენციით ხასიათდება.

2021 წლის მონაცემებით საქართველოში ემიგრანტების რაოდენობამ იმიგრანტების მოცულობას 26 ათასი ადამიანით გადააჭარბა. როგორი იყო 2022 წლის მონაცემები ციფრებში, ამ კითხვას საქსტატი უახლოეს მომავალში უპასუხებს.

დღის ამბები