26 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
"ხალხის ძალის" ინიციატივა - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი უკვე პარლამენტშია

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" "ხალხის ძალის" მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა. პროექტი ბიუროს სხდომაზე მსჯელობის საგანი კიდევ ერთხელ გახდა. ოპოზიციის ნაწილისთვის საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ჯგუფის მიერ მომზადებული ვერსია მიუღებელია. კანონპროექტის ავტორებისთვის კი მათი კრიტიკა გაუგებარი. "ხალხის ძალაში" განმარტავენ, რომ მათი საკანონდებლო პროექტი ადამიანის უფლებებთან და სამართლებრივ სტანდარტებთან თავსებადია.

ამ შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა ბიუროს სხდომაზე კანონპროექტის განხილვა. ითქვა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მომზადებული დოკუმენტის კანონად ქცევა არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა მედიასაშუალებების მდგომარეობასაც გააუარესებს. ინიცირებულ კანონპროექტს ანტიდემოკრატიულს და ანტიკონსტიტუციურს უწოდებენ მესამე სექტორშიც. განცხადება 210 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარმა პლატფორმამ გამოაქვეყნა.

მესამე სექტორის და მედიის ნაწილის რეაქცია ”ხალხის ძალისთვის” თვით ლუსტრაციაა. საზოგადოებრივ მოძრაობაში ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიც და მედიაც საკუთარი საქმიანობის დისკრედიტაციას ეწევიან.

კანონპროექტის ავტორების განმარტებების მიუხედავად, ოპოზიციურ ფლანგში ამტკიცებენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივას კავშირი არ აქვს ამერიკულ მოდელთან.

კონკრეტული ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას მმართველი პარტიის წევრები მიესალმებიან, თუმცა ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონპროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით კონსულტაციების დასრულების შემდეგ მიიღებენ.

"ხალხის ძალის" მიერ მომზადებული პროექტით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი უნდა შეიქმნას. კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში რეესტრში ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.

უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციისთვის თავის არიდება კი 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ეს ის ვერსიაა, რომელიც ხალხის ძალამ პარლამენტს წარუდგინა, თუმცა საზოგადოებრივ მოძრაობაში არ გამორიცხავენ, რომ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი შეიცვალოს და პირდაპირ ამერიკული ვერსიის ანალოგი გახდეს. 

 

 

 

დღის ამბები