26 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
რამდენად უსაფრთხოა ელექტრო სიგარეტი და ვეიპინგი - რისკები და დაავადება, რომელიც მხოლოდ "ვეიპერებს" ემართებათ


ელექტრო სიგარეტის შემადგენლობა, რომელიც მის შეფუთვაზეა დატანილი, თითქოს საშიშად არ გამოიყურება: გლიცერინი და არომატიზატორი - ცალკე აღებული ეს ნივთიერებები უვნებელია, თუმცა მას მოწყობილობა ელემენტით ახურებს, შედეგად კი წარმოიქმნება ტოქსინები.

არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები მალავენ, რომ მის შემადგენლობაში ასევე არის ნიკოტინი, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას, პროპილენ-გლიკოლი, დიაცეტილი, ე ვიტამინის აცეტატი, ტეტრაჰიდროქსი, კანაბინოლი, მძიმე მეტალები, როგორიც არის მაგალითად ტყვია და მათი ორგანიზმში მოხვედრა იწვევს კანცეროგენების დაგროვებას, საბოლოოდ კი ფილტვის კიბოს. ე.წ. ვეიპინგის რისკ-დაავადებების ჩამონათვალი ვრცელია: ასთმა, ბრონქოსპაზმები, ინტოქსიკაცია და მთავარი - ახლად აღმოჩენილი ფილტვის დაავადება სახელად ევოლი, ის მხოლდ ვეიპერებს ემართებათ. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო სიგარეტის გამოყენება შედარებით ახალგაზრდა მავნე ჩვევაა, უკვე არსებობს ზიანის დამადასტურებელი კვლევები.

ელექტრონული სიგარეტი სახიფათოა არა მხოლოდ მწეველისთვის, არამედ არამწეველი გარშემომყოფებისთვისაც, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის. ე.წ. ვეიპი საქართველოში იყიდება თითქმის ყველა თამბაქოს ჯიხურსა და სუპერმარკეტში. მის შეძენას ახერხებენ არასრულწლოვანებიც. ეწევიან მალულად და მშობლისთვის ბავშვის მავნე ჩვევის აღმოჩენა რთულია იმის გათვალისწინებით, რომ მას არ აქვს სიგარეტის სუნი და თავად მოწყობილობა მისი ვიზუალიდან გამომდინარე, ეჭვს არ ბადებს.

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში სიგარეტის მავნებლობის შესახებ კამპანია ეფექტურად ამოქმედდა და შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებებიც, აიკრძალა მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, შეიზღუდა მათი რეკლამა და მოხდა მის შეფუთვაზე მავნებლობის შესახებ ინფორმაციის დატანა, თამბაქოს ინდუსტრიამ ვეიპის სახით, ახალი უფრო მომხიბვლელი პროდუქტი შექმნა და მას მარკეტინგულად ჯერ კიდევ კარგად ფუთავს.

საქართველოს კანონმდებლობით შეზღუდვები, ისევე როგორც ტრადიციულ თამბაქოზე, ელექტრო სიგარეტზეც ვრცელდება. მისი მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაუშვებელია და ჯარიმდება. ცივილიზებული სამყარო წარწერას სიგარეტზე, რომ ის კლავს უკვე მიეჩვია. ახალი გამოწვევა კი გულისხმობს ადამიანების დარწმუნებას, რომ ელექტრო სიგარეტი მავნეა მათი ჯანმრთელობისთვის.

დღის ამბები