უკვე მეორე დღეა ბაკურიანი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია - ისტორიაში პირველად, საქართველო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს. მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს შეჯიბრება პარალელურ გიგანტურ სლალომში გაიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებლად სამუშაოები საქართველოში რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ბოლო წელს კი განსაკუთრებით აქტიურად. ბაკურიანში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. დამონტაჟდა გათოვლიანების ხელოვნური 29 კილომეტრიანი სისტემა, გაიხსნა რამდენიმე საბაგირო გზა, ასევე მოეწყო ხელოვნური ტბები.
ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, სპეციალურად მოეწყო ოლიმპიური სოფელი. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ სტუმრებს, შეჯიბრში მონაწილე სპორტსმენების გულშემატკივრობასთან ერთად, შეუძლიათ სხვადსხვა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა, მათ შორის შესაძლებელია ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნება, მოწყობილია სცენაც, სადაც სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფები კონცერტებს მართავენ. მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს, 5 მარტამდე გაგრძელდება.
ავტორები: ჯემალ ფარცახაშვილი და ლაშა ბერძენიშვილი