26 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
ევროკავშირს ახლოს უნდა ჰყავდეს უკრაინა და სხვა ქვეყნები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ისეთ ადგილას აღმოჩნდნენ, როგორიც ევროპის ინტერესს არ შეესაბამება - ლიეტუვის პრემიერი

დღეს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ძირითადი დებატები იმართებოდა გეოპოლიტიკურ ევროპასთან დაკავშირებით და ამ მხრივ საუბარი იყო ევროკავშირის გაფართოებაზე. ნახსენები იყო საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ისინი ამ 3 ქვეყანას ხედავენ ევროპულ ოჯახში.

მათივე თქმით, თუკი არის სურვილი იმისა, რომ ევროკავშირი იყოს სერიოზული პოლიტიკური მოთამაშე, საჭიროა რეფორმები ევროკავშირში და მისი სწრაფად გაფართოება.

გერმანიის ბუნდესტაგის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის თანათავმჯდომარე, ლარს კლინგბეილი აცხადებს, რომ თუ ევროკავშირი არ გადადგამს მკაფიო ნაბიჯებს გაფართოებასთან დაკავშირებით, არაწევრი ქვეყნები კავშირების ძიებას დაიწყებენ ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი.

"ვიქრობ, საკითხი ასე არ დგას გვსურს თუ არა გაფართოება. თუ ევროპას ვხედავთ როგორც გეოპოლიტიკურ აქტორს, ჩვენ გაფართოება გვჭირდება და ძალიან სწრაფად. მკაფიოები უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქვეყნები დაიწყებენ კავშირების ძებნას ისეთი ტიპის ქვეყნებთან, როგორიც არის რუსეთი, ჩინეთი. თუ გვინდა ძლიერი ევროპა, გვჭირდება გაფართოება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ასევე, საჭირო არაა რეფორმები. აბსოლუტურად მხარს ვუჭერ დიდი უმრავლესობით ხმის მიცემის რეფორმას ევროკავშირში, საიმისოდ, რომ ევროკავშირი იყოს, როგორც პოლიტიკური მოთამაშე. გაფართოება უმაღლესი პოლიტიკური საკითხია და მკაფიოები უნდა ვიყოთ ამ თემასთან დაკავშირებით," - ამბობს კლინგბეილი.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა სიმონეტე ამბობს, რომ ევროკავშირს ახლოს უნდა ჰყავდეს უკრაინა და სხვა ქვეყნები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ისეთ ადგილას აღმოჩნდნენ, როგორიც ევროპის ინტერესს არ შეესაბამება.

"ევროპისთვის გეოპოლიტიკური საკითხია უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და ბალკანეთის ქვეყნები იყვნენ იმ ღირებულებების ხაზში, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ. ეს არ არის კოლონიალისტური იდეის განხორციელება, როგორც ამას რუსეთი აკეთებს . პირიქით, ის ეფუძნება მშვიდობისა და კეთილდღეობის საერთო გაგებას. ასე, რომ შეკითხვაზე, არის თუ არა ევროკავშირი გაფართოებისთვის მზად, ჩემი პასუხია, დიახ. იმიტომ არა, რომ უკრაინა ახლა იბრძვის და ადამიანური სიცოცხლით იხდის ფასს ყოველდღიურად ევროპული იდეისთვის. ერთი წლის წინაც ცხადი იყო ევროკავშირისთვის, რომ ახლოს უნდა ჰყავდეს უკრაინა, ბალკანეთი და სხვა ქვეყნები, რადგან სხვა შემთხვევაში, შესაძლოა ისეთ ადგილას აღმოჩნდნენ, როგორიც ჩვენს ინტერესს არ შეესაბამება," - აცხადებს სიმონეტე.

საფრანგეთის პარლამენტის წევრის, ნეჯამინ ჰადადის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ხვედრია.

"დიახ, უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ხვედრია ევროკავშირში გაწევრიანება. ისინი ევროპული ოჯახის ნაწილი არიან. მაგრამ ეს გულისხმობს ევროკავშირის შიდა რეფორმას და გადაწყვეტილების მიღების უფრო სწრაფ პროცესს. ამას დრო დასჭირდება. ეს არის როგორც პოლიტიკური, ასევე ტექნიკური პროცესი. გულისხმობს ადმინისტრაციულ რეფორმებს, კანონის უზენაესობას, შიდა ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომ უბიძგებს პრეზიდენტი მაკრონი ევროპულ პოლიტიკურ საზოგადოებას, როგორც ფორუმს, არა როგორც ევროკავშირის ალტერნატივას, რომ ჩართოს ჩვენი სამეზობლო უამრავ კონკრეტულ პროექტში, რათა ისინი ევროკავშირთან ახლოს იყვნენ," - განაცხადა ჰადადიმ.

დღის ამბები