26 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
"2007 წელს პუტინი აქ ამ კონფერენციაზე საკმაოდ ღიად საუბრობდა თავის მიზნებზე, პრობლემა იმაშია, რომ ეს არავინ დაიჯერა" - ესტონეთის პრემიერი მიუნხენის კონფერენციაზე

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პანელზე სიტყვით გამოვიდა ევროკომისარი ჟოზეფ ბორელი.

ბორელმა ისაუბრა სამომავლოდ ევროპის და ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკაზე. ევროკომისარი ამბობს, რომ ახლა საჭიროა უკრაინის დახმარება და ეს დახმარება სწორედ სამხედრო ტექნიკის მიწოდებაში მდგომარეობს. ბორელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საჭიროა, რაც შეიძლება მალე მიეწოდოს უკრაინას სამხედრო დახმარება და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამისთვის ძალიან ბევრს აკეთებს. პირველად, ევროკავშირის ისტორიაში არაწევრ ქვეყანას აქვს სამხედრო დახმარება.

"ძალიან ბევრი სანქცია დავაწესეთ რუსეთის ეკონომიკისა თუ კერძო პირების წინააღმდეგ. თუ გადახედავთ სავაჭრო დეფიციტს, ბიუჯეტის დეფიციტს და აზოტის ნახშირბადების გაყიდვით შემოსავალს, ეს აჩვენებს, რომ წელს რუსეთში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება. ჩვენ შევძელით რუსულ ნახშირწყალბადებზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა. გაზზე 40%-იანი დამოკიდებულებიდან თითქმის ნულამდე ჩამოსვლა რამდენიმე თვეში, არაჩვეულებრივი მიღწევაა. კიდევ გაცილებით მეტი უნდა გაკეთდეს და ბევრად უფრო სწრაფად. კიდევ ბევრია გასაკეთებელი. უნდა გავზარდოთ და დავაჩქაროთ სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. პირველი და ყველაზე გადაუდებელი რამ, რაც გეოპოლიტიკურმა ევროპამ უნდა გააკეთოს, არის უკრაინის შეიარაღება. როგორც გუშინ აქ ყველა ევროპელმა ლიდერმა თქვა, რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. მაშინ მოდით გადავიდეთ სიტყვებიდან საქმეზე, რადგან უკრაინა კრიტიკულ სიტუაციაშია. ყველამ იცის, რომ ომში მოსაგებად საჭიროა საბრძოლო ტანკები. საბრძოლო მასალის ნაკლებობა კი სწრაფად უნდა მოგვარდეს," - აცხადებს ბორელი.

ასევე, სიტყვით გამოვიდა ესტონეთის პრემიერ-მინისტრი. კაია კალასმა გაიხსენა 2007 წლის მიუნხენის კონფერენცია, როდესაც აქ სიტყვით გამოვიდა ვლადიმერ პუტინი. კალასის თქმით, მაშინ, როცა პუტინი თავის მიზნებზე ღიად საუბრობდა, მის სიტყვებს საჭირო ყურადღება არ მიექცა. ესტონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია არის ნატო და ნატო-ს წევრობა.

"რუსეთს იმედი აქვს, რომ მოგვბეზრდება და დავიღლებით ინიციატივებით. მათ ბევრი ცოცხალი ძალა ჰყავთ. მათი სამხედრო ინდუსტრია გაძლიერებულად მუშაობს. როდესაც ომი დამთავრდება, განსხვავებული საფრთხეების წინაშე ვიქნებით. ყველამ დაინახა, რომ რაზეც პუტინი საუბრობდა, სერიოზულად ამბობდა. 1925 წელს ჰიტლერის არავის სჯეროდა, მაგრამ ის საკმაოდ ღია იყო თავის მიზნებთან დაკავშირებით. 2007 წელს პუტინი აქ ამ კონფერენციაზე საკმაოდ ღიად საუბრობდა თავის მიზნებზე. პრობლემა იმაშია, რომ ეს არავინ დაიჯერა. მაგრამ ახლა უნდა დავიჯეროთ. უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები გრძელვადიან პერსპექტივაში. ნატო არის მშვიდობის პროექტი. ერთადერთი უსაფრთხოების გარანტი, რომელიც მართლა მუშაობს არის ნატო და ნატო-ს წევრობა," - თქვა კალასმა.

დღის ამბები