26 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
მინუს ერთი დეპუტატი "ნაციონალურ მოძრაობას" - როგორ აფასებენ ოპოზიციონერი კოლეგები პარტიიდან რომან გოცირიძის წასვლას

მინუს ერთი დეპუტატი "ნაციონალურ მოძრაობას" - პარტიიდან რომან გოცირიძე წავიდა. ის, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" მანდატით საპარლამენტო ტრიბუნას ყველაზე ხშირად იყენებდა და ხშირად სხდომაზეც მხოლოდ თავად წარმოადგენდა პარტიას, უარს ამბობს იყოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი. რომან გოცირიძემ მრავალწლიანი საქმიანობა პარტიაში არჩევნების დასრულებიდან მალევე დაასრულა. საჯარო პოსტით მხოლოდ ის თქვა, რომ იქ პოლიტიკური შესაძლებლობები ამოწურა.

კონკრეტულ მიზეზებთან დაკავშირებით განმარტებები თავად არ გაუკეთებია, თუმცა ის ბოლო პერიოდში საჯაროდ გამოხატავდა განსხვავებულ პოზიციას პარტიულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მათ შორის, საპარლამენტო ბოიკოტის შესახებ. ამის მიუხედავად, მოქმედი თავმჯდომარის გუნდის წევრები ამბობენ, რომ გაუგებარია, რატომ დატოვა პარტია რომან გოცირიძემ. გახდა თუ არა მისი გადაწყვეტილების მიზეზი პარტიის შიგნით არსებული დაპირისპირება და უკმაყოფილება ლევან ხაბეიშვილის მმართველობით - ამაზე საუბრისგან თავს იკავებს ნიკა მელიას ფლანგიც.

ის, რაც უკვირთ "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით, არ უკვირთ პარტიის გარეთ. რომან გოცირიძის ოპოზიციონერი კოლეგებისთვის მისი გადაწყვეტილება არათუ მოულოდნელი, არამედ დაგვიანებულიც არის. 

რომან გოცირიძის წასვლით პარტიის ინტელექტუალური რესურსი რომ უფრო შესუსტდა, ამაზე მმართველი გუნდი საუბრობს. "ქართული ოცნება" ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის პირობებში არაფორმალური მმართველობის მიზეზით პოლიტიკური ძალის მეტად დანაწევრებას ელოდება.

თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ, რომან გოცირიძე პირველია, რომელმაც პარტია დატოვა. თუმცა საპარლამენტო და პარტიული თანამდებობიდან წასვლა "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით ახალი არ არის. ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ მენეჯერულ პოზიციაზე კიდევ ერთი უარი კასპის ორგანიზაციის თავმჯდომარემ თქვა.

დღის ამბები