26 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
2008 წლის ომის შემდეგ ჩვენ არ გვინახავს სანქციები, რომელიც რუსეთზე დაწესდებოდა, პირიქით, ვნახეთ, რომ ბიზნესი გაგრძელდა რუსეთთან ჩვეულ რეჟიმში, რაც ძალიან ცუდი სიგნალი იყო - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელურ დისკუსიაში, ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინინთან ერთად მონაწილეობს. დისკუსიის ფარგლებში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე კრისტოფ ჰოისგენმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეკითხვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომის გავლენებზე დაუსვა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი დიდი გამოწვევაა ყველა ქვეყნისთვის. აქვე, პრემიერმა საუბრის დროს 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და თქვა, რომ მას შემდეგ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები.

"ეს მართლაც ისტორიული შემთხვევაა, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ლიდერი ერთად ვართ და ეს უკვე არის წარმატება და წარმატებული შემთხვევა და მადლობას გიხდით ამ თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის.

რაც შეეხება ომს უკრაინაში, რა თქმა უნდა ეს არის დიდი გამოწვევა ყველა ჩვენგანისთვის. მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, მსოფლიოს არც განუცდია მსგავსი მასშტაბის გამოწვევა.

თქვენ იცით, რომ 2008 წელს ჩვენც გვქონდა ომი რუსეთთან, მას შემდეგ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ისტორიული ტერიტორიები, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, ორი სამხედრო ბაზა აქვს ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთს და მას შემდეგ ჩვენ ბევრი პრობლემა გამოვიარეთ, ბევრი გამოწვევა გვქონდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ძალაუფლებაში, 2012 წელს, ძალიან ბევრი ძალისხმევა განვახორციელეთ დეესკალაციის კუთხით, დეესკალაციასთან ერთად, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, უვიზო მიმოსვლა გაგვაჩნია და გასულ წელსაც, ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა საბჭომ, როდესაც ევროპული პერსპექტივა მიანიჭა საქართველოს.

თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით ვიტყვი შემდეგს, ყველაზე აქვს გავლენა ამ ომს უკრაინაში, ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ აქცენტის კეთდება რუსეთის მხრიდან უკრაინაზე, ეს არის დამანგრეველი ომი და მე უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ ომის შესაჩერებლად. ალტერნატივა მშვიდობას არ გააჩნია და აქვე გეტყვით, რომ საქართველო სამშვიდობო კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკას მიჰყვება. რაც შეეხება სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს აქვს მშვიდობიანი გეგმა მისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და მადლობა მინდა გადავუხადო ეუთოს და სხვა მონაწილეებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული მედიაციის პროცესში.

თქვენ ბრძანეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, ესეც არის ის პლატფორმა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობისას გაგვაჩნია. ამიტომ, უნდა გავიმეორე, რომ ეს ომი უნდა შეწყდეს. ჩვენ გვინახავს ომის შედეგი ჩვენივე ქვეყანაში, 2008 წელს, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, დავკარგეთ კონტროლი ჩვენს ტერიტორიებზე სრულად და სამხედრო ბაზები აქვს რუსეთს ჩვენს ტერიტორიაზე. ეს მიმდინარე პროცესია, არ შეჩერებულა. ასევე, მინდა ვახსენო, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენ არ გვინახავს სანქციები, რომელიც რუსეთზე დაწესდებოდა. პირიქით, ვნახეთ, რომ ბიზნესი გაგრძელდა რუსეთთან ჩვეულ რეჟიმში, ამიტომ, ვიტყოდი, ძალიან ცუდი სიგნალი იყო ეს, რომ არ მოჰყვა სანქციები ჩვენს შემთხვევას.

უნდა ვახსენო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ წავალთ წინ. თუ ეს ომი გაგრძელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო დამანგრეველი ძალა ექნება მას. მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპება და ვიტყოდი, რომ ეს ომი მსოფლიომ უნდა დაასრულოს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები