ბაკურიანში ზამთრის სპორტის მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა. ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი მადლობას უხდის ყველას, ვინც ჩართული იყო ჩემპიონატის დაგეგმარებაში და ინფრასტრუქტურის მოწყობაში.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურა, რომელიც ბაკურიანში მოეწყო, მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისთვის.
"ბაკურიანი შემდეგი 2 კვირის განმავლობაში სამთო-სათხილამურო სამყაროს ყურადღების ცენტრში იქნება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას, როდესაც გადაწყვეტილება იყო მიღებული, 2018 წელს, საქართველოს არ გააჩნდა ის შესაძლებლობები, რაც დღეს აქვს, მაღალი დონის ჩემპიონატის ჩასატარებლად, მაგრამ ერთობლივი მუშაობით ჩვენ ეს შევძელით.
ამ ინფრასტრუქტურის შესაქმნელად სახელმწიფომ 270 მილიონი ლარი დახარჯა, ჩვენ გვაქვს ყველაზე გრძელი 29 მეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა. გვაქვს ახალი საბაგირო გზები, რაც შესაძლებლობას გვაძლევს მაღალი დონის ტურნირი ჩატარდეს.
ეს არის ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას ჩემპიონატი ჩატარდეს უმაღლეს დონეზე და საქართველო იყოს ღირსეული პარტნიორი საერთაშორისო სპორტული საზოგადოების. ეს ინფრასტრუქტურა ამ კურორტს წლების მანძილზე მოემსახურება.
მინდა ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, რომელიც ამ მაღალი დონის ტურნირის ორგანიზებაში იყო ჩართული. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სათხილამურო ფედერაციას ჩართულობისთვის, მადლობა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მადლობა ყველას ვინც დაგვეხმარა ეს პრესტიჟული ტურნირი მაღალ დონეზე ჩაგვეტარებინა. ეს ყველაფერი ტურიზმის ინდუსტრიას ძალიან შეუწყობს ხელს,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.