26 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
"აქამდე რატომ დააგვიანდა ბატონ რომანს ეს უფრო მიკვირს, ვიდრე ის, რომ საბოლოო ჯამში გადადგა ეს ნაბიჯი" - იაგო ხვიჩია რომან გოცირიძის მიერ ენმ-ს დატოვებაზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით,  რომან გოცირიძის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების გადაწყვეტილება არ უკვირს. მისივე თქმით, ის უფრო უკვირს, გოცირიძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება აქამდე რატომ არ მიიღო.

"აქამდე რატომ დააგვიანდა ბატონ რომანს, ეს უფრო მიკვირს, ვიდრე ის, რომ საბოლოო ჯამში გადადგა ეს ნაბიჯი. მე არ მგონია, რომ ეს არჩევნების გამო ხდება ან ნაცმოძრაობაში ბოლოს რაც ხდება. ეს არჩევნებიც სიმპტომია იმ ძირითადი პრობლემის, რომლის გამოც ბატონი რომანი წამოვიდა და რომლის გამოც, ზოგადად ეს პარლამენტი, მათ შორის არ გამოვიდა ისეთი ეფექტური როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო იმ რაოდენობის ოპოზიციონერების ხელში, რა რაოდენობითაც, ხალხმა მანდატი მისცა ოპოზიციას პარლამენტში," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, მიხეილ დაუშვილი კი ყურადღებას "ნაციონალურ მოძრაობაში" ჩატარებულ არჩევნებზე ამახვილებს და ამბობს, რომ პარტიაში ისევ ყველაზე რადიკალურმა ფრთამ გაიმარჯვა.

"არ მაინტერესებს რა ხდება და რას აკეთებს "ნაციონალური მოძრაობა". ათი წლის თავზე, გაიმარჯვა ისევ ყველაზე რადიკალურმა ძალამ და ყველაზე რადიკალურმა ფრთამ. ეს ნიშანდობლივია და ბევრის მთქმელია იმ კუთხით, თუ რეალურად რა არის მათი იდენტობა. როგორც ჩანს, მათი იდენტობა არის ყველაზე რადიკალური მოძრაობები და რადიკალური მიდგომები," - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

 

დღის ამბები