26 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
რატომ დაადანაშაულეს ქართული ჯარი ომის დაწყებაში და რის სანაცვლოდ მოაწერეს ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას - ბრალდების ადრესატი "ნაციონალური მოძრაობა" დღეს დუმილს ამჯობინებს

2008 წლის რუსული აგრესია და ამ აგრესიიდან მალევე, ევროსაბჭოს მიერ დამტკიცებული რეზოლუციის შინაარსი, თბილისში დღესაც პოლიტიკური დისკუსიის საგანია. საკითხი აქტუალური ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ვრცელი სტატუსის შემდეგ კიდევ ერთხელ გახდა. ის 2008 წლის მოვლენებს, დამტკიცებულ დოკუმენტსა და მასზე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერას მიმოიხილავს. სწორედ ეს მხარდაჭერაა პრობლემური მმართველი პარტიისთვისაც, რომელიც წინა ხელისუფლებას, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ადანაშაულებს.

"ქართული ოცნების" დეპუტატები კვლავ სვამენ კითხვას, რატომ დათანხმდა "ნაციონალური მოძრაობა" რეზოლუციაში იმ ჩანაწერს, რომელიც ქართულ მხარეს ომის დაწყებას აბრალებდა.

რატომ მოაწერეს ხელი დოკუმენტს, რომელიც საზიანო სწორედ საქართველოსთვის იყო - დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკითხზე საუბარი არ ისურვა, თუმცა, ამავე თემაზე გუშინ პარტიის წევრებმა თქვეს, რომ რეზოლუციაში სხვა უფრო მნიშვნელოვანი პუნქტებიც იყო. ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მტკიცებით, საკითხი, რომლის მიხედვითაც ვითარების ესკალაცია ქართველ სამხედროებს ბრალდებოდა, რეზოლუციით მიღებულ სხვა სიკეთეებს ვერ გადაწონიდა.

რეზოლუციასთან დაკავშირებულ მთავარ კითხვაზე პასუხი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილსაც აინტერესებს, მათ შორის "ევროპელ სოციალისტებს", რომლებსაც ამ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნასაც ითხოვენ.

საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ეთანხმებიან, თუმცა 2008 წლის ომის შემდგომ მიღებულ რეზოლუციაში ხარვეზებს ხედავს საპარლამენტო ოპოზიციის მეორე ნაწილი. დეპუტატები ფიქრობენ, რომ ახლა ამ საკითხის გააქტიურება ქვეყნისთვის საზიანოა.

"ნაციონალურ მოძრაობასთან" კითხვები რელევანტურია საპარლამენტო უმრავლესობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მათ საკითხის დეტალურ განხილვაში შესვლა არ სურთ, მაინც ამბობენ, რომ ქმედება, რომელიც წინა ხელისუფლებამ რეზოლუციაზე ხელმოწერით და ქართული ჯარის დადანაშაულებით ჩაიდინა, ადეკვატურ შეფასებას მოითხოვს. გარდა ამისა, დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ სალომე ზურაბიშვილის ის განცხადებაც გაიხსენა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტი მძინარე ცხინვალის დაბომბვაში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებდა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში, 2 ოქტომბერს მიიღო, მას მხარი საქართველოს დელეგაციამაც დაუჭირა. დოკუმენტში წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ საფეხურზე გადავიდა.

დღის ამბები