მეუღლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული როინ მებონია, მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მებონია თავდაპირველად ფსიქიატრიულში იძულებით მკურნალობის კურსს გაივლის, გამოჯანმრთელების შემდეგ კი მას პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.
განაჩენს დარბაზში უსმენდა როინ მებონიას დედაც. ქალმა სასამართლო ისე დატოვა, რომ გადაწყვეტებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია მოკლული სოფო კვარაცხელიას დედა. ხათუნა ნაჭყებია საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ მივიდა. შვილმოკლული დედა სასჯელის ზომით უკმაყოფილოა, ის მებონიასთვის უვადო პატიმრობას ითხოვდა. დაზარალებულ ოჯახს არ სჯერა, რომ დამნაშავე დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი იყო და დარწმუნებულები არიან, რომ ახალგაზრდა ქალის მკვლელობა მეუღლეს წინასწარ ჰქონდა განზრახული. კვარაცხელიების ოჯახი სამართლებრივ ბრძოლას განაგრძობს.
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის განაჩენს დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ადვოკატი მეორე ინსტანციაში განმეორებით ექსპერტიზების ჩატარებას მოითხოვს. ინტერესების დამცველი ამტკიცებს, რომ მამაკაცი, რომელმაც მეუღლე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა, დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი იყო.
პროკურატურისთვის სასამართლო გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ყველა მტკიცებულება, რომელიც გამოძიების ფარგლებში მოიპოვეს, მებონიას მიერ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულს ამტკიცებდა.
სოფო კვარაცხელია მეუღლემ გასული წლის 21 მაისს მოკლა. დანაშაული გურამიშვილის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. კვარაცხელია ადგილზე გარდაიცვალა.