საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ქუთაისის აეროპორტში ბერლინის რეისზე დაგვიანებით გამოცხადებულ მგზავრებთან დაკავშირებით ინფორმაციას ეხმაურება.
მგზავრები ამ დრომდე კოპიტნარის აეროპორტში იმყოფებიან. ისინი "ვიზიარის" ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ აეროპორტში მოსვლის დროს ჩასხდომა დასრულებული იყო, თუმცა თვითმფრინავი ასაფრენ ზოლზე იმყოფებოდა. ამ დროისთვის მათ შესთავაზეს 300 ლარის გადახდა და ნებისმიერ რეისზე ბილეთის აღება.
"ქუთაისი-ბერლინის რეისზე 87 მგზავრი გამოცხადდა დაგვიანებით, როდესაც რეგისტრაცია ბერლინის რეისზე დასრულებული იყო და იწყებოდა 98 მგზავრის ჩასხდომის პროცედურა. იცით, რომ დასავლეთში არის ძლიერი თოვა და ყინვა. ჩვენ გაფრთხილებული გვყავს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, რომ გზებზე შეფერხებების გამო დაგეგმილზე უფრო ადრე გამოვიდნენ თბილისიდან.
ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების შედეგად, მივაღწიეთ იმას, რომ "ვიზიარი" დათანხმდა ამ 87 მგზავრისთვის ნებისმიერი მიმართულებით ბილეთების გადაცვლას თანხის დამატების შემთხვევაში. საუბარია, დაახლოებით 300 ლარზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მგზავრებს, დაიჭირონ თადარიგი და დროულად, ან უფრო ადრე გამოცხადდნენ აეროპორტში რეგისტრაციაზე. ამ ეტაპზე, 85 მგზავრს ბილეთი სასურველი მიმართულებით უკვე აქვს გადაცვლილი," - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.
ქუთაისიდან ბერლინში Wizz Air-ის თვითმფრინავი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა. დიდთოვლობით გზაზე შექმნილი პრობლემების გამო თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დააგვიანა, რის გამოც მგზავრები დაგვიანებით ჩავიდნენ.