ევროკომისიამ უარი თქვა რუსეთის ბირთვული სექტორისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების გეგმაზე. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა "პოლიტიკო" სამ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაპირველად ევროკომისიამ აცნობა ევროკავშირის ქვეყნებს, რომ ის ეცდება, შეიმუშაოს სანქციები რუსეთის სამოქალაქო ბირთვული სექტორის წინააღმდეგ. გასულ კვირას გამართული ევროკავშირის სამიტის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ევროკავშირს, კომპანია „როსატომს“ მაინც დაუწესოს შეზღუდვები. როგორც დიპლომატები "პოლიტიკოსთან" საუბარში სანქციების მეათე პაკეტის პროექტზე დაყრდნობით აცხადებენ, ეს გეგმა ჩავარდა.
"სამწუხაროდ, ბირთვული სექტორი არ არის შეყვანილი ინიციატივაში," – განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა.
გამოცემის ცნობით, რუსეთის ბირთვული სექტორისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგი უნგრეთი და საფრანგეთი არიან.
"უნგრეთი ამას არ უშვებს, რადგან მისი ატომური ელექტროსადგურები "როსატომს" ეკუთვნის და ამბობენ, რომ ისინი ქვეყნის ელექტრომომარაგებისთვის საჭირო ენერგიის 50 პროცენტს აწარმოებენ," – აღნიშნა ერთ-ერთმა დიპლომატმა.
ამასთან, საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა მიმდინარე კვირას მედიასთან განაცხადა, რომ "რუსულ საწვავს მრავალი ბირთვული ელექტროსადგური იყენებს".