26 ნოემბერი 2024,   20:17
ვრცლად
მოძრაობამ „ხალხის ძალა“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაარეგისტრირა - ავტორების თქმით, დოკუმენტზე მუშაობისას დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკა გაითვალისწინეს

მოძრაობამ "ხალხის ძალა", "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა. მისი მიზანი, ავტორების განცხადებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. ხალხის ძალის წევრების განცხადებით, უცილებელია, ისეთი საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც განსაზღვრავს უცხოური აგენტის ცნებას, უზრუნველყოფს მათ რეგისტრაციას და საქმიანობის საჯაროობასთან დაკავშირებულ საკითხებს მოაწესრიგებს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტის დეტალურად გაცნობამდე შეფასებისგან თავი შეიკავეს, მათ ნაცვლად საკანონმდებლო აქტზე საუბრობენ კანონმდებლები. როგორც ირკვევა, ახალ ინიციატივას ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერა არ ექნება.

საპასუხოდ, კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ დოკუმენტზე მუშაობის დროს გაითვალისწინეს წარმატებული და დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკა. მაგალითად, ამერიკაში მოქმედი კანონმდებლობა დარეგისტრირებას ავალდებულებს ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომელიც შტატებში უცხოელი დირექტორატის უფლებამოსილებით და ფინანსებით საქმიანობს. უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი შეერთებული შტატების დეპარტამენტის ნაწილია და მისი მართვა იუსტიციის ეროვნული უსაფრთხოების სამმართველოს დაქვემდებარებაშია. აგენტები, რომლებიც არ დარეგისტრირდებიან, არღვევენ ფედერალურს კანონს და მათ წინააღმდეგ შეიძლება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. 2018 წელს ავსტრალიამ აშშ-ს კანონის მიხედვით მიიღო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სისტემის შესახებ აქტი. 2022 წლის 1 იანვრიდან ე.წ.ლობისტების რეესტრი ფუნქციონირებს გერმანიაშიც, სადაც დარეგისტრირებულ ორგანიზაციებს ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება აქვთ.

კონკრეტული ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას მიესალმებიან მმართველი პარტიის წევრები. სახელისუფლებო გუნდი, კანონპროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას საკომიტეტო განხილვების დროს მიიღებს.

 

დღის ამბები