პირველად, ორწლიანი პაუზის შემდეგ, პატრიარქმა დღეს სინოდი მოიწვია, თუმცა სხდომა მოსალოდნელზე ნაკლებ დროში დასრულდა. განსახილველი საკითხები წინასწარ არ გასაჯაროებულა. სხდომა დაახლოებით 6 საათიანი დაგვიანების შემდეგ დაიწყო, განხილვის თემა კი სამი საკითხი იყო.
დეკანოზი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რომ სხდომის დაწყების დაგვიანებით გამართვა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდა.
"იმის გათვალისწინებით, რომ პატრიარქი ასაკშია და მისთვის როგორ იყო მოხერხებული, ისე ჩატარდა. სტაბილურად არის პატრიარქი, ზოგადად გვესმის ჩვენ პატრიარქის ასაკი და აქედან გამომდინარე, მისი შესაძლებლობები," - აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) აცხადებს, რომ სხდომაზე განიხილეს მეუფე ზენონის საკითხი და გადაწყდა, რომ დროებით, ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქია პატრიარქის გამგებლობაში გადავა. მეუფე ზენონს კი დმანისის ეპარქია გადაეცა.
"რაც ის მძიმე ომი დაიწყო უკრაინაში, იმის მერე სინოდი არ შეკრებილა, პირველად შევიკრიბეთ. ჩვენ თანაგრძნობა გამოვხატეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ტრაგედია ხდება და გვინდა რომ ომი დამთავრდეს. ასევე გავიზიარეთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგები, მსოფლიო პატრიარქს მივუსამძიმრეთ, ასევე სირიის ტერიტორიაზეც მოხდა და სირიაში მივუსამძიმრეთ. მეუფე ზენონთან დაკავშირებით, ის თავად უწმინდეს შეხვდა და გადაწყდა ასეთი რამ, რომ დროებით ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქია პატრიარქის გამგებლობაში გადავა. სინოდი დაიწყო მაშინ, როცა უნდა დაწყებულიყო. პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე კათოლიკოს პატრიარქი,“ - აცხადებს მეუფე იაკობი (იაკობიშვილი).
ოქმის გამოქვეყნებამდე პირველი განმარტება ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტმა გააკეთა და დაადასტურა, რომ პატრიარქი სუსტად იყო, თუმცა ძალა მაინც მოიკრიბა და სხდომა ჩაატარა.
"პატრიარქი იყო სუსტად და მოიკრიბა ძალა და შემდეგ ჩატარდა. ჩვენ ამასობაში ვიყავით ერთად, ვისაუბრეთ, დიდი ხნის უნახავები შევხვდით ერთმანეთს და ძალიან კარგი იყო.“ - აღნიშნა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).
ავტორი: ანუკა ბუავა