26 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
5 ლოკაცია, 45 დაკავებული და ჩხრეკისას ამოღებული დიდი ოდენობით ნარკოტიკი - ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ

5 ლოკაცია, 45 დაკავებული და ჩხრეკისას ამოღებული სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ნარკოტიკი. სპეცდანიშნულების რაზმი დღეს გამთენიისას ფონიჭალის გარდა მობილიზებული იყო რუსთავში, აჭარასა და გურიაში.

ერთ-ერთი ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულის ოჯახის წევრები სამართალდამცველებს ბრალდებულის პოლიციაში გადაყვანის საშუალებას არ აძლევდნენ. სპეცოპერაცია ფონიჭალაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

30 წლის მამაკაცთან სახლში პოლიცია დღეს დილით მივიდა. გამსახურდიას ქუჩაზე, საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჩატარდა ჩხრეკა. "კურიერის" ინფორმაციით სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკი იპოვეს, ამოღებულია თანხაც.

სპეცდანიშნულების რაზმი გამსახურდიას ქუჩაზე, კიდევ ერთ საცხოვრებელ სახლთან იყო მობილიზებულები. პოლიციამ აქაც ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. მას ბრალი განუმარტეს და ხელბორკილებით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა სახლიდან ნივთიერი მტკიცებულებები ამოიღეს.

ფონიჭალა დღეს ერთადერთი ლოკაცია არ იყო, სადაც მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავების ღონისძიებები, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 45 პირი, აქედან 23 რეალიზაციის ბრალდებით, მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. საგამოძიებო მოქმედებების დროს პოლიციამ სხვადასხვა დასახელების, დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, "ბუპრენორფინი", "სუბოქსინი", "ექსტაზი", "ლსდ", "მეტადონი", "მეფედრონი" და ე.წ. ბიო.

ფარული ჩანაწერები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღის ბოლოს გაავრცელა. გადაღებულ მასალაში, ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულები ნარკოტიკული ნივთიერებებს ყიდდნენ. კადრებში ჩანს როგორ მიუთითებენ ისინი სამართალდამცველებს, იმ ადგილებს, რომლებსაც სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკების სამალავად იყენებდნენ.

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება. სავარაუდოდო უახლოეს დღეებში დამნაშავე პირთა წრეც გაიზრდება. დღეს ჩატარებული , მასშტაბურ სპეცოპერაციის დეტალებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური განცხადებაც გაკეთდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-გასაღების მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

 

 

დღის ამბები