26 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
უკრაინას "ლეოპარდის" ტანკებს გერმანია, პოლონეთი, კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები მიაწოდებენ - ლოიდ ოსტინი
რამშტაინის რიგით მეცხრე შეხვედრა დასრულებულია. მიაღწიეს თუ არა თავდაცვის მინისტრებმა კონკრეტულ შედეგებს ლოიდ ოსტინის ბრიფინგზე გახდება ცნობილი. შტატების თავდაცვის მდივნის მედიასთან შეხვედრა მოგვიანებით არის დანიშნული. 
 
ცნობილია ის თუ რა თხოვნით ჩავიდა ბრიუსელში უკრაინა - საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა მეტ სამხედრო დახმარებას ითხოვს. ტანკების შემდეგ საუბარია მოიერიშე თვითმფრინავებზე.
 
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ გერმანია, პოლონეთი, კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები უკრაინას ლეოპარდის ტანკებს მიაწოდებენ.

"უკრაინას აქვს გადაუდებელი მოთხოვნები, რათა ამ გადაწყვეტ მომენტში სიტუაციასთან გამკლავება შეძლოს. გერმანია, პოლონეთი, კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები უკრაინას მიაწოდებენ ლეოპარდის ტანკებს. აშშ, გერმანია, ნიდერლანდები უკრაინას პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნიან. საფრანგეთი და იტალია კი "ესემფთის" საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემენ .უკრაინის საბრძოლო მასალის მიწოდებაზე რამდენიმე ქვეყანა მუშაობს. არცერთ ჩვენგანს არ სურს იცხოვროს სამყაროში, სადაც ავტოკრატებს შეუძლიათ თავდასხმა თავიანთ მშვიდობიან მეზობლებზე, არღვევენ მათ საზღვრებს და ბომბავენ მათ ხალხს. ასე რომ, ჩვენ გავერთიანდით, რათა მხარი დავუჭიროთ სამყაროს, სადაც წესები მნიშვნელოვანია, სადაც პატივს სცემენ სუვერენიტეტს და სადაც სამოქალაქო პირები დაცულნი არიან," - აღნიშნა ოსტინმა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, რუსეთის სურვილი, დაიბრუნოს ინიციატივა დონბასში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომ გაძლიერებას გამოიწვევს.

"დღეს ჩვენ ვხედავთ რუსეთის მზარდ შეტევას. რუსეთს სურს დაიბრუნოს ინიციატივა დონბასში და ჩვენ ამაზე რეაგირებას მოვახდენთ ჯავშანტექნიკის შესაძლებლობების პაკეტით. არ მინდა დეტალებში შესვლა, მაგრამ ეს გამოიწვევს საჰაერო თავდაცვის შემდგომ გაძლიერებას. საგაზაფხულო პაკეტი გზაშია. ვფიქრობ, ყველას ესმოდა, რომ საჰაერო თავდაცვისა და საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხი ახლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოიერიშე თვითმფრინავების შესახებ დისკუსია. ყველამ იცის, რომ მხოლოდ ფრენის მომზადებას რამდენიმე თვე სჭირდება, რომ აღარაფერი ვთქვათ იარაღის სისტემების გამოყენების აუცილებელ წვრთნაზე," - აცხადებს პისტორიუსი.
დღის ამბები