26 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
საოკუპაციო ძალა უკრაინის ქალაქების ტერორს განაგრძობს - დღე-ღამის განმავლობაში აგრესორმა სამშვიდობო ობიექტებზე 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელა

საოკუპაციო ძალა უკრაინის ქალაქების ტერორს განაგრძობს. დღე-ღამის განმავლობაში აგრესორმა სამშვიდობო ობიექტებზე 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელა. 85-ჯერ გამოიყენა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. ქვეყანაში საფრთხის მაღალი დონეა გამოცხადებული, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვოლინის, სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებებით, რუსმა ჯარისკაცებმა 18 დასახლებული პუნქტი დაბომბეს. უკვე თითქმის ერთი კვირაა მასშტაბური იერიშის ქვეშ არის ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის ოლქები. საცხოვრებელი სახლები და ენერგოობიექტები დააზიანეს ოკუპანტებმა სუმის და ხერსონის ოლქებში.

მძიმე ბრძოლები გრძელდება ბახმუტისთვის. რუსეთის ე.წ ვაგნერის დაჯგუფება ირწმუნება, რომ მათ ქალაქიდან 6 კილომეტრში მდებარე სოფელი კრასნა გორა აიღეს. ცნობას კიევი ჯერჯერობით არ ადასტურებს, მაგრამ თავდაცვის უწყება არ უარყოფს, რომ საოკუპაციო ძალა უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევას ცდილობს.

კიდევ ერთი ცხელი წერტილი - დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედარის მიმდებარე ტერიტორიაა. საოკუპაციო ძალა და უკრაინელი სამხედროები ცენტრიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით პოზიციების გამაგრებას ცდილობენ. გენშტაბის ინფორმაციით, მხოლოდ უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში აგრესორმა დაკარგა 103 ერთეული მძიმე ტექნიკა, მათ შორის 36 ტანკი. რაც შეეხება ცოცხალ ძალას, დანაკარგმა 500-ს გადააჭარბა.

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებს ადასტურებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვაც. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსეთს, სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

ოკუპაციის შეკავება უკრაინის გარდა ძვირი უჯდებათ ნატო-ს ქვეყნებსაც. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის საბრძოლო მასალის ხარჯვის არსებული მაჩვენებელი წარმოებას მნიშვნელოვნად აღემატება.

რუსეთიდან მომდინარე მასშტაბურ საფრთხეს დასავლეთი ინტერვენციის წლისთავზე ელოდება. ანალიტიკოსები 24 თებერვალს არ გამორიცხავენ სარაკეტო იერიშს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომპონენტების გამოყენებით. რის შემდეგაც, მათი ვარაუდით, პუტინი უკრაინას ომს ოფიციალურად გამოუცხადებს.

დღის ამბები