26 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
ნატოს თავდაცვის ორ დღიანი მინისტერიალი სტარტს ხვალ აიღებს - საბჭოს შეკრებამდე თავდაცვის მინისტრები უკრაინელ კოლეგასთან ე.წ. რამშტაინის მორიგ შეხვედრას გამართავენ

ნატოს თავდაცვის ორ დღიანი მინისტერიალი სტარტს ხვალ აიღებს - ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეკრებამდე თავდაცვის მინისტრები უკრაინელ კოლეგასთან ერთად ე.წ. რამშტაინის მორიგ შეხვედრას გამართავენ.

განსახილველ საკითხებზე მედიასთან ერთი დღით ადრე "ნატოს" გენერალურმა მდივანმა ისაუბრა. უკრაინის სამხედრო დახმარება, სამხედრო აღჭურვილობის წარმოების გაზრდა და მსჯელობა, თუ როგორ დაეხმაროს ალიანსი იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის საფრთხის წინაშე დგანან, მათ შორის მოიაზრება საქართველოც. 

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სწორედ ეს იქნება განხილვის საგანი, ასევე გადაწყდება მიიღებს თუ არა უკრაინა ნატოს წევრებისგან საბრძოლო თვითმფრინავებს.

"ჩვენ განვიხილავთ ჩვენს ინდუსტრიულ შესაძლებლობებს და გავზრდით ჩვენი კრიტიკული წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვას. ჩვენ გავაძლიერებთ და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. შეჭრიდან თითქმის ერთი წელია პრეზიდენტი პუტინი მშვიდობისთვის არ ემზადება. ის ახალ შეტევებს იწყებს.

ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის იმის მიწოდება, რაც მას სჭირდება ბრძოლის მოსაგებად და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. ნათელია, რომ ჩვენ ლოჯისტიკის რბოლაში ვართ. საკვანძო აღჭურვილობამ, როგორიცაა საბრძოლო მასალა, საწვავი და სათადარიგო ნაწილები, უნდა მიაღწიოს უკრაინას, სანამ რუსეთი შეძლებს უპირატესობის ხელში ჩაგდებას ბრძოლის ველზე.

სიჩქარე გადაარჩენს სიცოცხლეს. მივესალმები მოკავშირეების ბოლო განცხადებებს ახალი ტანკების, მძიმე შეიარაღებისა და წვრთნების შესახებ უკრაინისთვის და ველოდები შემდგომ მიწოდებას. ჩვენი გზავნილი ნათელია. ნატო უკრაინის გვერდით დგას რამდენი ხანიც დასჭირდება.

მინისტრები ასევე განიხილავენ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია- ჰერცოგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ, ნატოს სამი ღირებული პარტნიორის მიმართ, რომლებიც რუსეთის საფრთხის წინაშე დგანან. ოთხშაბათს მოკავშირეები მიიღებენ გადაწყვეტილებებს ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ჩვენ უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ნატოს სარდლობაში 40,000 ჯარისკაცის განთავსებით, რომელსაც მხარს უჭერს ძირითადი საჰაერო და საზღვაო ძალები და გავაორმაგეთ საბრძოლო ჯგუფების რაოდენობა ოთხიდან რვამდე,"- აცხადებს იენს სტოლტენბერგი. 

დღის ამბები