26 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
ბაკურიანი სპორტული სამყაროს ყურადღების ეპიცენტრში - საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

ბაკურიანი სპორტული სამყაროს ყურადღების ეპიცენტრში- ზუსტად 4 დღეში, ისტორიაში პირველად ჩვენი ქვეყანა ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. 16 თებერვლიდან საქართველო საერთაშორისო სპორტულ რუკაზე საპატიო ადგილს დაიკავებს. კოხტასა და დიდველის ფერდებზე სასრიალო ტრასები უკვე მზად არის. ქართველი და მსოფლიო სპორტის ვარსკვლავები პირველობისთვის 7 სახეობაში იასპარეზებენ. ექსტრემალური ჩემპიონატი კურორტის სტუმრებისთვის განსხვავებული და სანახაობრივი იქნება.

წლის მთავარი სპორტული სანახაობა ბაკურიანში 5 მარტამდე გაგრძელდება. თუ კურორტზე საკმარისი თოვლი არ მოვა, ჩემპიონატის მონაწილეებს, ორგანიზატორებსა და სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრებს სანერვიულო არაფერი აქვთ. იმისთვის რომ საქართველო ზამთარში მთელი მსოფლიოს მიზიდულობის ცენტრი იყოს, ბაკურიანს რესურსი უკვე გააჩნია.

მწყობრშია ყველა ძველი თუ ახალი საბაგირო , მათ შორისაა რეგიონში ერთადერთი და ინოვაციური საბაგირო მიწისქვეშა ფარეხით, 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა და 29 კილომეტრიანი გათოვლიანების სისტემა, რომელიც ხელოვნური ტბების საშუალებით მარაგდება.

ვიდრე სპორტსმენები მწვერვალებს დაიპყრობენ, ტურისტების მოლოდინში ბაკურიანის ტერიტორიაზე მოეწყო ჩემპიონატის სოფელი. ადგილზე განთავსდება კვებისა და გასართობი სივრცეები, ფოტოზონები, ქართული სამეწარმეო მარკეტი და სცენა - სადაც ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტები გაიმართება.

სასრიალო ტრასები აღჭურვილია სპეციალური ტექნიკით, რომელიც ხელოვნურ გათოვლიანებას უზრუნველყოფს. სისტემის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის წყლის ორი რეზერვუარი სპეციალურად, დიდველისა და მიტარბის არეალში აშენდა. წლის მთავარი სპორტული მოვლენა, რომელიც საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია, საქართველოს ცნობადობას კიდევ უფრო გაზრდის.

იმისთვის რომ დაბის ტერიტორიაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყოს მიღებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გეგმა უკვე შეიმუშავა. მზადება დასასრულს უახლოვდება. სპორტული სტარტის აღებამდე, რამდენიმე დღით ადრე ბაკურიანში მთავრობის წევრებთან ერთად პრემიერ-მინისტრი ჩავიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა ის სამუშაო ჩაიბარა, რომელიც მოსამზადებელ პერიოდში მიმდინარეობდა.

სამთო კურორტის განვითარებისთვის სახელმწიფომ 270 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს რომ ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მზად არის და კურორტზე შექმნილი ინფრასტრუქტურა სამომავლო გეგმების სისრულეში მოყვანის გარანტი იქნება.

წლის ყველაზე სანახაობრივ ჩემპიონატზე საქართველოს სახელით პირველობისთვის 5 სპორტსმენი იბრძოლებს. 14 კანდიდატ სამთო კურორტს შორის ბაკურიანი, როგორც ჩემპიონატის მასპინძელი, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე 2018 წელს დასახელდა.

დღის ამბები