26 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
რუკა, სადაც ჩანს, რომელი ადგილებია საქართველოში სეისმურად ყველაზე აქტიური

მიწისძვრის პროგნოზირება ვერ ხდება. 21-ე საუკუნეშიც მეცნიერები ვერ ახერხებენ მოსალოდნელი ბიძგების წინასწარ პროგნოზს. არავინ იცის, როდის ან სად მოხდება მიწისძვრა, თუმცა არსებობს სეისმურად აქტიური და პასიური ზონები. რაც შეეხება საქართველოს - შესაძლებელია თუ არა ჩვენს ქვეყანაში მოხდეს მიწისძვრა, რომელიც იქნება დამანგრეველი - ეს კითხვა ახლა ყველას აწუხებს. სეისმოლოგები განმარტავენ, რომ საქართველო საშუალო სეისმურობის ზონად ითვლება.

რას ამბობენ სეისმოლოგები - ძირითადად, რა მიზეზით ხდება საქართველოში მიწისძვრა, რომელ ზონაში ვართ და შესაძლებელია თუ არა იყოს ძლიერი ბიძგები ჩვენს რეგიონში - ამ კითხვებით ჩვენ ქართველ სპეციალისტებს მივმართეთ. 

სეისმოლოგი რუკას გვიჩვენებს, სადაც მუქად არის აღნიშნული ის ადგილები, რომელიც სეისმურად აქტიურია. რუკის მიხედვით, კავკასიონის შუა ნაწილი და აღმოსავლეთ ფერდობი არის ძალიან აქტიური, ასევე, ჯავახეთის ფერდობი.

სპეციალისტის თქმით, ყველაზე ძლიერი მიწისძვრა  1991 წელს რაჭაში მოხდა, სიმძლავრემ 7 მაგნიტუდა შეადგინა, შემდეგ კი მეწყერმა სოფელი ჩაიტანა და მთლიანად გაანადგურა. 

"ბათუმი, ვხედავთ, რომ ყველაზე ღია ფერის არის, იმიტომ რომ აქ ყველაზე ნაკლებია შანსი, დიდი მიწისძვრა მოხდეს, მაგრამ შეიძლება სხვაგან მოხდეს დიდი სიმძლავრის მიწისძვრა და ბათუმისთვის დამანგრეველი იყოს. რადგან საქართველოში არ გვაქვს ასეისმური ზონა, ფრთხილად უნდა ვიყოთ.

თბილისიც აქტიურია, არც ჯავახეთისგან არის შორს, არც თვითონ არის ასეისმური, რომ აქ არ ველოდოთ მიწისძვრას," - ამბობს სეისმოლოგი ლანა რატიანი. 

სპეციალისტების თქმით, ხშირია მიწისძვრები ჯავახეთის ზეგანსა და საქართველო-სომხეთის საზღვარზე  ასევე,  ძალიან აქტიურია კახეთის მიმდებარე ტერიტორია და საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე ტერიტორია.

"მიწისძვრის ენერგიის გამოთავისუფლება და შეგრძნებადობა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგნიტუდაზე, მიწისძვრის სიღრმეზე, ქანთა აგერულებაზე, დასახლებული რამდენად არის ტერიტორია და ა.შ.

ერთი ერთეულით მაგნიტუდის გადიდება ნიშნავს ენერგიის 32-ჯერ გადიდებას, ანუ ერთი ერთეული არ ნიშნავს მცირე სხვაობას, მაგნიტუდა 6-სა და 7-ს შორის არის დიდი ენერგიული სხვაობა და აუცილებლად უნდა დავგეგმოთ მშენებლობები, ინჟინრებს უნდა ჰქონდეთ მჭიდრო კონტაქტი სეისმოლოგებთან და ერთად უნდა ხდებოდეს ახალ სტანდარტებზე გადასვლა," - ამბობს სეისმოლოგი თინათინ როსტომაშვილი.

ნახეთ, ასევე : რა სიმძლავრის მიწისძვრას გაუძლებს თბილისი - სეისმოლოგის განმარტება

დღის ამბები