26 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
მარტყოფში 34 წლის მამაკაცმა მეგობარი, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა - ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ, მარტყოფში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ნიკოლოზ სახლთხუციშვილის მიმართ, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა. ბრალდებული, გოჩა ჯერენაშვილის მკვლელობის საქმეში, თავს დამნაშავედ არ ცნობს.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს, რომ სახლთხუციშვილის მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობდა, ვინაიდან, მისი განცხადებით, მაშინ როდესაც ფაქტი მოხდა, იგი თვითონ მივიდა პოლიციაში, საგამოძიებო მოქმედებებში იყო ჩართული, აქედან გამომდინარე ადვოკატმა აღმკვეთი ღონისძიების სახით 3 ათასი ლარის ოდენობით გირაო მოითხოვა.

მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის მხრიდან წარდგენილი არაერთი მტკიცებულება და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა დამატებით გააკეთა განმარტებები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. როგორც პროკურორმა განაცხადა, შემთხვევა მოხდა 9 თებერვალს, მარტყოფში, ღვთისმშობლის ეკლესიის მიმდებარედ. ეჭვიანობის ნიადაგზე ნიკოლოზ სახლთხუციშვილმა გაისროლა, გარდაიცვალა გოჩა ჯერენაშვილი.

პროკურორის თქმით, არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

"არსებობს როგორც მიმალვის, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და მტკიცებულებების განადგურების. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს მოწმეებზე ზემოქმედება, ასევე სხვა ნივთიერი მტკიცებულებების განადგურება.
ჩვენს მიერ აღმკვეთი ღონისძიების სახით მოთხოვნილი იქნა პატიმრობა, სასამართლომ გაიზიარა ჩვენი შუამდგომლობა და ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა," - განაცხადა პროკურორმა გიორგი ღონღაძემ.

დღის ამბები