ცოცხლად დამარხული ასეულობით ადამიანი და ნანგრევებად ქცეული ქალაქები - თურქეთ-სირიის საზღვარი დღეს ნანგრევებში დამარხული და დაკარგული სიცოცხლის ტრაგედიის ადგილია.
სტიქიური უბედურების ზონაში დაღუპულთა რიცხვი 25 000-ს აღწევს. სურათი დღეების მატების პროპორციულად მძიმდება. 128 საათის შემდეგ, ადამიანთა ცოცხლად პოვნის შანსი სულ უფრო მცირდება, თუმცა მაშველებმა დღესაც 10 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
დამანგრეველი მიწისძვრიდან მეექვსე დღეს, სპეციალური სამსახურები, ადგილობრივები, მოხალიისეები 24 საათიან რეჟიმში მიწასთან გასწორებულ რეგიონებში სიცოცხლის ნიშნებს ეძებენ.
თურქეთში რჩებიან ქართველი მაშველებიც. მათ ანგარიშზე რამდენიმე გადარჩენილი სიცოცხლეა. მძიმე წუთებში, მეგობარ ქვეყანას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გვერდში დგომა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ქართული მხარე თურქეთს ჰუმინატარულ ტვირთსაც გაუგზავნის.