26 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს ბაკურიანი უმასპინძლებს - პრემიერ-მინისტრი ზამთრის კურორტზე სამზადისის ბოლო დეტალებს გაეცნო 

ბაკურიანში 42 ქვეყნიდან 700 სპორტსმენი ჩავა და 7 სახეობის 30 შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას. ისტორიაში პირველად საქართველო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. სპორტული სანახაობა კურორტზე 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით გაიმართება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაკურიანში ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ჩასატარებლად, აშენდა სამი ახალი საბაგირო. კოხტასა და დიდველის ფერდებზე სასრიალო ტრასები უკვე მზად არის. დღეს მოსამზადებელ სამუშაოებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე მთავრობის მეთაური გაეცნო. სამთო კურორტზე სახელმწიფომ ჯამში 270 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

29 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის დიდველისა და მიტარბის არეალში აშენდა წყლის ორი რეზერვუარი. ბაკურიანი 2023 ის ფარგლებში მოეწყო 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა და სპორტსმენთა სოფლები. შეძენილია სპეცტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატისთვის შექმნილი ახალი ინფრასტრუქტურა და შეძენილი ინვენტარი კურორტს დარჩება და ათწლეულების განმავლობაში, ვიზიტორთა გაზრდილ ოდენობას მოემსახურება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით მთავრობამ კურორტზე მასშტაბური სამუშაოები ჩაატარა. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს რომ ბაკურიანი უკვე მზად არის, მსოფლიო ჩემპიონატს მაღალ დონეზე უმასპინძლოს.

დაბა ბაკურიანში მოეწყო ჩემპიონატის სოფელი. ადგილზე განთავსდება კვებისა და გასართობი სივრცეები, ასევე ფოტოზონები, ქართული სამეწარმეო მარკეტი და სცენა, სადაც ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტები გაიმართება. როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, წლის მთავარი სპორტული მოვლენა, საქართველოს მთის კურორტების ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით შეუწყობს ხელს.

მას შემდეგ რაც პრემიერი ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო, საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან, სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. როგორც შეხვედრაზე ითქვა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო ღირსეულად გაართმევს თავს და ზამთრის ტურიზმის მიმართულებით მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს. შეხვედრას მთავრობის წევრებთან ერთად, მთის ტრასების სააგენტოს ხელმძღვანელი, სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ესწრებოდა.

შეხვედრის შემდეგ პრემიერმა დიდველის ტბა და სატუმბი შენობა-ნაგებობა დაათვალიერა. მთავრობის მეთაური ადგილზე გაეცნო სპეციალურად მოწყობილ ხელოვნური გათოვლიანების სისტემასა და რეზერვუარებს.

დღესვე ირაკლი ღარიბაშვილმა საკურორტო კომპლექსში მდებარე ავსტრიული კომპანიის - "დოპელმაიერის" ფირმის ახალი საბაგიროები დაათვალიერა. პროექტი კერძო ინვესტიციით განხორციელდა. გონდოლის ტიპის საბაგირო 1200 მეტრიანია. რაც შეეხება ახალ, დასაჯდომ საბაგიროს რომელიც 1000 მეტრიანია, ქარისა და წვიმისაგან დასაცავად დახურული ტიპისაა და დანიშნულების ადგილამდე მისვლას მაქსიმუმ 6 წუთი ჭირდება. ახალი საბაგირო გზა ბაკურიანში არსებულ ოთხ სათხილამურო ტრასას დააკავშირებს. პროექტისთვის 5 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 5 დღე რჩება. კურორტი სპორტსმენებისა და ტურისტების დასახვედრად უკვე მზად არის.

დღის ამბები