26 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
გარემო, რომელიც დღეს არის შექმნილი უკრაინასა და რეგიონში, უფრო მეტად არაპროგნოზირებადი გახდა, შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა - პრემიერი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში მიმდინარე ომს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და უკრაინელ ხალხს მშვიდობა უსურვა. მისი თქმით, გრძელდება მცდელობა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, თუმცა, ხელისუფლება ამის თავიდან ასარიდებლად ყველაფერს აკეთებს.

"ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგად, შარშან გვქონდა უპრეცედენტო, მაღალი ეკონომიკური - 10.1% ზრდა, მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში არის რეცესია, გაურკვევლობა, არაპროგნოზირებადობა, ჩვენ ამ გამოწვევის მიუხედავად, ჩვენმა ხელისუფლებამ, მთავრობამ, მთელმა გუნდმა მოვახერხეთ ყველაზე დიდი განსაცდელის არიდება ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის - ომი. ეს არის ის მცდელობა, რომელიც სამწუხაროდ არ ჩერდება, რომ რაიმენაირად გადმოსულიყო ეს კონფლიქტი ჩვენს ქვეყანაში, ამის თაობაზე ჩვენ პირდაპირ მოვისმინეთ უკრაინის ხელისუფლების განცხადებები, რომ მათი მიზანი იყო მეორე ფრონტის გახსნა. ამ მიზანს ემსახურებოდა ყოფილი პრეზიდენტის შემოგზავნა საქართველოში და ძალიან ბევრი პროვოკაცია, რომელიც მათ მიერ არ წყდება.

მე ერთი რამ მინდა ვუსურვო ყველას და მათ შორის, ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს მშვიდობა, ამ ომის დროულად დასრულება და ტერიტორიების დაბრუნება. ომის დაწყების დღიდან დღემდე უკვე 20% არის ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე, ათიათასობით ადამიანი არ არის დაღუპული, ასეულობით მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა უკრაინას, ამას ვინ მოთვლის. გარდა სამხედროებისა, ძალიან მძიმე დანაკარგები აქვს ორივე მხარეს - სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მოქალაქეები, ბავშვები - ამ ზარალს და ამ ტკივილს ვერაფერი ვერ აღადგენს. ჩვენ ვუყურებთ, რომ ომი არ ჩერდება, მცდელობაც არ ჩანს, რომ ეს ომი გაჩერდეს, ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია.

გარემო, რომელიც დღეს არის შექმნილი უკრაინასა და რეგიონში, კიდევ უფრო მეტად არაპროგნოზირებადი გახდა, შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არის და იქნება ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა, რაც ჩვენ ქვეყანასა და ხალხს სჭირდება, ჩვენ მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები