26 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
მორიგი დაპირისპირება პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის - უმრავლესობამ სალომე ზურაბიშვილს ტონი დაუწუნა და კონსტიტუციის უგულებელყოფაში დაადანაშაულა 

პროპაგანდისტული და მავნებლური - ასე აფასებს სახელისუფლებო გუნდი პრეზიდენტის პოზიციას. საპარლამენტო უმრავლესობამ სალომე ზურაბიშვილს ტონი დაუწუნა, პრეზიდენტი კონსტიტუციის უგულვებელყოფაში დაადანაშაულეს და მის განცხადებას ოპოზიციის ნარატივი და ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი უწოდეს.

პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული მისი კომენტარი გახდა. პრეზიდენტი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოზიციას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძე საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ინტერესზე საუბრობდა და ამბობდა, რომ საქართველოს გარკვეული რესურსი აქვს რუსეთს ვითარება დაუმძიმოს, თუმცა ამით ქვეყანა განადგურდება. სწორედ ამ კონტექსტში კობახიძემ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ფრონტზე არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ამ ეტაპზე უპირატესობა რუსეთს აქვს. ეს პოზიცია პრეზიდენტმა დეფიტიზმად - ბრძოლის გარეშე დამარცხების მიღებად აღიქვა და თქვა, რომ ასეთი მიდგომა თანხვედრაში მხოლოდ რუსეთის ნარატივთანაა.

რუსეთის ინტერესებით მოქმედებაში სახელისუფლებო გუნდის დადანაშაულება სერიოზული ბრალდებაა მმართველი პარტიისთვის. "ქართული ოცნება" პრეზიდენტისგან განმარტებას და კონკრეტულ მტკიცებულებებს ელოდება.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებას იზიარებს ოპოზიცია, თუმცა აცხადებენ, რომ კითხვები თავადაც აქვთ. აინტერესებთ რატომ არ ასრულებს პრეზიდენტის საგარეო მიმართულებით დაკისრებულ ვალდებულებებს და ქმედით ნაბიჯებს რატომ არ დგამს. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ოპოზიციის ნაწილს აქვს განცდა, რომ ზურაბიშვილს საკმარისი პოლიტიკური გამბედაობა არ ყოფნის.

დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისკენ სალომე ზურაბიშვილს დღეს მმართველმა პარტიამაც მოუწოდა. "ქართული ოცნების" წევრები პრეზიდენტს სწორი პოლიტიკური კურსის აღებას ურჩევენ. აცხადებენ, რომ ქვეყნას ევროინტეგრაციის გზაზე ბევრი მიღწევა აქვს და ახლა მას ყველას მხრიდან გაფრთხილება სჭირდება.

დღის ამბები