26 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
ვაშინგტონი უკრაინის ომის წლისთავზე თბილისისთვის სამხედრო დახმარებას ზრდის - პენტაგონს სურს, საქართველოს უსაფრთხოება დამატებით 33 მილიონი დოლარით გააძლიეროს

სტრატეგიულ პარტნიორთან სტუმრობა კონკრეტული შედეგით დასრულდა - დღეიდან საქართველო მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან სამხედრო შესაძლებლობებს ამერიკისგან იმაზე ადვილად მოითხოვს და შეიძენს, ვიდრე ოდესმე. ეს შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც რისკების გათვალისწინებით შტატებმა საქართველო გადახდების სპეციალურ გრაფიკში ჩასვა. სიახლე ჯუანშერ ბურჭულაძეს პირადად ლოიდ ოსტინმა აცნობა, რომელმაც მას ისიც შეახსენა, რომ მალე ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის თბილისი 33 მილიონ დოლარსაც უნდა ელოდოს. უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე შეხვედრის საკვანძო თემა რთული გამოსაცნობი არ ყოფილა.

უკრაინამდე რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების სამიზნე რომ საქართველო იყო, შტატებმა კარგად იცის. ამიტომაცაა, რომ ვაშინგტონი სამი ათწლეულია საქართველოს მხარდაჭერას უწევს, სამხედრო ნაწილში კი აძლიერებს: წვრთნებით, ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერით და სამხედრო თვალსაზრისითაც. ამის ნათელი მაგალითი 2018 წელი და აშშ-სგან მიღებული ჯაველინები იყო, რაც თავის დროზე გარღვევად შეფასდა. ბოლო გადაწყვეტილებებით კი, პენტაგონს იმის ხაზგასმა სურდა, თუ რამდენად ღირებულია ორმხრივი ურთიერთობა ქართველ პარტნიორებთან - ამას თავდაცვის მდივანი ამბობს. თბილისმა ეს მიიღო, როგორც პოლიტიკური სიგნალი.

"საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და მხარი დაუჭირა ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას", "მან შეიტანა ხელშესახები წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში", "იმსახურა და გაიღო მსხვერპლი აშშ-სთან და ნატოსთან ერთობლივ მისიებში", "ღრმად ვაფასებთ მის უზარმაზარ გავლენას სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში", "ჩვენი პარტნიორობა გაღრმავდება," - ამ შინაარსის გზავნილები ლოიდ ოსტინისგან თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტისთვის აღიარებას ნიშნავს. აქცენტს კი სიახლეებზე აკეთებენ.

პოზიტიურმა გზავნილებმა პენტაგონიდან გაახარა ოპოზიციაც. თუმცა აქ კონტექსტს განსხვავებულად კითხულობენ და კითხვები აქვთ თუ რაში მდგომარეობს მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკური ფორმულა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებაში წინააღმდეგობრივად გამოიყურება.

"ხალხის ძალის" წარმომადგენლები, რომლებიც სტრატეგიული პარტნიორის კრიტიკით გამოირჩევიან, ვაშინგტონის დღევანდელ განცხადებებს იწონებენ, განსხვავებით წინა შემთხვევებისგან. რაც შეეხება მმართველ გუნდს, აქ აშშ-სთან თანამშრომლობაში ხელშესახებ მიღწევებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ოპონენტების კრიტიკის საუკეთესო პასუხი თავად ოსტინის პოზიტიური შეფასებებია.

აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო ურთიერთობებში სიახლეები 2021 წელსაც შევიტყვეთ, როდესაც თბილისში ვიზიტით მყოფმა ლოიდ ოსტინმა, ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად ხელი მოაწერა თავდაცვისა და შეკავების მიმართულებით მემორანდუმს. შტატები თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხს ორმხრივი თანამშრომლობის ქვაკუთხედად მიიჩნევს.

დღის ამბები