26 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
"ვატყობ, ფაქტობრივი მისამართიც რომ არ მაქვს, ესეც დანაშაულია, ჩემი სახლი რომ არ მაქვს" - ბადრი ესებუა პროცესზე დისტანციურ დასწრებას აპროტესტებს

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმის აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობდნენ, თავად ბრალდებულმა ესებუამ მოკლე რეპლიკით ისარგებლა.

ესებუა სხდომას დისტანციურად ესწრებოდა, ამიტომ მან სასამართლო დარბაზში ყოფნა მოითხოვა. ამასთან, ესებუა წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

"არაფრის დამატება არ მინდა, უბრალოდ მინდა, რომ სასამართლოს სხდომათა დარბაზში ვიმყოფებოდე და არა აქედან - "სკაიპით". აზრი არ აქვს ასე საუბარს, ძლივს მესმის ხმა. ვატყობ, ფაქტობრივი მისამართიც რომ არ მაქვს, ესეც დანაშაულია, ჩემი სახლი რომ არ მაქვს," - განაცხადა ესებუამ.

დღეს ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე პატიმრობა აღარ შეეფარდა, რადგან ბანკის ყაჩაღობის საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს. ამასთან, მის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე სსკ-ის რამდენიმე მუხლით - 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

დღის ამბები