26 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
ეს განცხადება ნიშნავს, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, აშშ ამბობს, რომ საქართველო არის საიმედო მოკავშირე - არჩილ თალაკვაძე

პენტაგონის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, საქართველო ამერიკისგან უფრო მეტ სამხედრო დახმარებას მიიღებს, შეფასებები მოჰყვა უმრავლესობაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საქართველო არის საიმედო მოკავშირე და საქართველოსთან თანამშრომლობაში ამერიკას პროგრესი აქვს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გავუსვათ და ფართო საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, თუ რეალურად რა განცხადება იყო გაკეთებული. ეს განცხადება სიტყვა სიტყვით ნიშნავს, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ საქართველო არის საიმედო მოკავშირე და საქართველოსთან თანამშრომლობაში ამერიკას აქვს  პროგრესი. სასურველი იქნებოდა, რომ დილით როცა ცრუ ბრალდებებს ამბობენ ჩვენი ოპონენტები, შემდეგ ასეთი დონის ტრიბუნებიდან არის ამაზე პირდაპირ თანხვედრი პასუხები, საღამოს ეს ადამიანები უნდა მოდიოდნენ და საზოგადოებას უნდა სცემდნენ პასუხებს, თუ რატომ იცრუეს დილით საქართველოს წინააღმდეგ,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ამბობს, რომ  ის რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გავლენა მსოფლიოში მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე, არის ქვეყნის ძალისხმევის აღიარება. 

"ის, რომ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში კიდევ უფრო გაღრმავდება, ის რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გავლენა როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოში მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე, არის ჩვენი ქვეყნის ძალისხმევის აღიარება, მეორეს მხრივ, ასევე წარმოადგენს პასუხს დეზინფორმაციის გამავრცელებელ მავნებლებზე, რომლებიც სამარცხვინოდ და ჩვენი ქვეყნის საზიანოდ იტყუებიან და ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, საქართველოს დასავლეთისგან თითქოს დისტანცირების შესახებ,“ - აცხადებს ირაკლი ბერაია.

განცხადება ამავე თემაზე გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა.

"როდესაც ამერიკის თავდაცვის მინისტრი აკეთეს განცხადებას, სადაც ის ობიექტურად აღნიშნავს, რომ საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან, საქართველომ განამტკიცა გზა ევროინტეგრაციისკენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში, რაც სწორია და ობიექტური. ეს არის სწორედ პრო ამერიკული პრო ქართული განცხადება,“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

 

დღის ამბები