საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა "ღამის კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში მედიკამენტების დეფიციტია, თუმცა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფელი დადგინდეს და დახმარება გაეწიოთ.
"მედიკამენტების პრობლემა დგას. თურქები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ კარგი მენეჯმენტი დაამყარონ და წესრიგი იყოს იმ ზონაში, რაც საკმაოდ რთულია. ჩვენი ამოსავალი წერტილია, დადგინდეს ჩვენი მოქალაქეების ადგილსამყოფელი, უვნებლად იყვნენ, დადგინდეს ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქეების საბოლოო რაოდენობა, მოხდეს მათი იდენტიფიკაცია და შემდგომში უკვე გადმოსვენება. კომუნიკაცია რთულად, თუმცა გვაქვს ჩვენს მოქალაქეებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროდან სია მოგვივიდა, რა სახის დახმარება სჭირდებათ მათ ქვეყნიდან - იქ იყო თბილი ჩასაცმელი, ბავშვის კვება, არამალფუჭებადი საკვები. სტიქიის ზონაში ძალიან მკაცრი ზამთარია, ერთ ნაწილში თოვლია, მეორე ნაწილში ძალიან ცივა ღამე," - განაცხადა ელჩმა.